გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: სწორედ ჩვენი ხელისუფლების დროს გახდა შეუქცევადი ევროკავშირთან ინტეგრაცია, ჩვენი ხელისუფლების გადაწყვეტილება იყო ის, რომ კონსტიტუციაში ჩაიწერა და განისაზღვრა საგარეო პოლიტიკის კურსი

1-09-2021

ბოლო ორი დღეა, მიმდინარეობს კრიტიკა იმის თაობაზე, რომ საქართველომ, ვინაიდან ჩვენ შეგნებულად, გააზრებულად უარი ვთქვით უბრალოდ 75 მილიონი ევროს სესხის აღებაზე, გამოდიან და ურცხვად ატყუებენ მოსახლეობას, თითქოს ეს იყო რაღაც გრანდიოზული დახმარება ევროკავშირის მხრიდან და ვინაიდან მთავრობამ დამატებითი სესხის აღებაზე უარი თქვა, მათივე ინტერპრეტაციით ვიტყვი, თითქოს ეს არის უარის თქმა ევროკავშირის წევრობაზე, ინტეგრაციასა და ზოგადად ამ კურსზე; ეს, რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელი ტყუილია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" სამტრედიის მერობის კანდიდატის დავით ბახტაძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგად, შესაძლებელი გახდა ბიუჯეტში დამატებითი რესურსის მობილიზება, რამაც მთავრობას საშუალება მისცა, უარი ეთქვა დამატებითი საგარეო ვალის აღებაზე.

„როგორ შეიძლება, ასეთი ტყუილი აკადრო შენს ხალხს, როცა ერთი ფაქტი იცი, რომ ეს იყო სესხი, 75 მილიონი ევრო. მე შემთხვევით არ მომიყვანია ეს სტატისტიკა, რომელიც თქვენ გაგაცანით. ვინაიდან ჩვენ გვაქვს ძლიერი ეკონომიკური ზრდა და დამატებითი რესურსები ბიუჯეტში 1,2 მილიარდი ლარის სახით და კიდევ უფრო მეტი გვექნება წლის ბოლოს, ვინაიდან ჩვენი პროგნოზებით, წლის ბოლოს ორნიშნა ზრდაზე გავალთ, მთავრობამ გადაწყვიტა, ეტაპობრივად უარი თქვას დამატებითი საგარეო ვალის აღებაზე, იმ სესხებზე, რაც არ გვჭირდება და აუცილებელი არ არის და ნელ-ნელა შევამციროთ ეს საგარეო ვალი. ამ დროს ჩვენი ოპონენტები, ვინაიდან მათ სათქმელი არ აქვთ და უბრალოდ ტყუილზეა დაფუძნებული მათი საარჩევნო კამპანია, შეხედეთ მათ საარჩევნო კამპანიას, არავითარი ხედვა, ნული ხედვა განვითარებაზე, პერსპექტივაზე, რას სთავაზობენ ჩვენს მოსახლეობას - რევანშისტული და რევოლუციური შეძახილები, ისიც უსუსური, ვინაიდან მაგის თავიც არ აქვთ ამ უბედურებს, ამიტომ ყველაფერი დაფუძნებულია ტყუილზე. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა, შევახსენო ყველას, სწორედაც რომ ჩვენი ხელისუფლების დროს გახდა შეუქცევადი ევროკავშირთან ინტეგრაცია. ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს, როცა პირველ ჯერზე ვიყავი პრემიერი, მოვაწერეთ ხელი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, ყველაფერი ეს გახდა ხელშესახები ჩვენი მთავრობის დროს. იგივე ნატოსთან მიმართებით ხელშესახები ინტეგრაცია და ყველა ერთხმად აღიარებს და საქართველო და ქართული ჯარი დღეს არის მზად, რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა. თუმცა, ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ეს დამოკიდებულია ნატოს წევრი ქვეყნების საერთო გადაწყვეტილებაზე. ჩვენი ხელისუფლების გადაწყვეტილება იყო ის, რომ კონსტიტუციაში ჩაიწერა და განისაზღვრა საგარეო პოლიტიკის კურსი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, კითხვა არ არსებობს, მაგრამ იმისთვის, რომ დააბნიონ მოსახლეობა, მათ შორის ჩვენი მეგობრებიც ევროპაში, ამ მანიპულაციებით და ტყუილებით, დამახინჯებული ფაქტებით ცდილობენ მოსახლეობის და ჩვენი მეგობრების შეცდომაში შეყვანას. რა თქმა უნდა, სიმართლე არის ერთი - ჩვენ ვაგრძელებთ მტკიცედ სვლას ევროკავშირისკენ. ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ იმას, რომ საქართველო ღირსეულად წარდგება და 2024 წელს ოფიციალურად შეიტანს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე და გავაგრძელებთ სტრატეგიულ მოთმინებასა და მზადყოფნას იმისთვის, რომ ერთ დღეს ქვეყანა გახდეს ევროკავშირის დიდი ოჯახისა და ნატოს წევრი", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლების მთავარი ამოცანაა ხალხის მთავარი გასაჭირის დაძლევა - ეს არის სიღარიბის და უმუშევრობის დამარცხება.

„ამას ჩვენ შევძლებთ ერთიანი, ძლიერი მუშაობით და მაღალი ტემპებით. ამას სჭირდება თავისუფლება, სტაბილურობა და ჩვენი გამარჯვება, რომელიც აუცილებლად დადგება 2 ოქტომბერს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930