გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: მოსახლეობის მთავარი პრობლემა უმუშევრობა და ეკონომიკური სიდუხჭირეა და ეს ყველამ ერთად უნდა დავამარცხოთ

1-09-2021

კარგად გვესმის, რომ დღეს ქვეყანაში ბევრი საქმეა გასაკეთებელი; მთავარი გამოწვევა, ჩვენი მოსახლეობის მთავარი პრობლემა არის უმუშევრობა და ეკონომიკური სიდუხჭირე. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი გამოწვევა, მთავარი მოწინააღმდეგე, გნებავთ მთავარი მტერი, რომელიც ყველამ ერთად უნდა დავამარცხოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ვანის მერობის კანდიდატის ალექსანდრე გოგორიშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში სიღარიბისა და უმუშევრობის დამარცხება უნდა იყოს მთავარი საქმე და მთავარი მიზანი.

„ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული, თუ რა უნდა გავაკეთოთ. ჩემი დავალებით, მთავრობამ შეიმუშავა გრძელვადიანი განვითარების ხედვა ყველა სექტორის მიმართულებით, იქნება ეს სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა, რეგიონების განვითარება. ვიცით რა, როგორ და როდის უნდა გავაკეთოთ, დროში გაწერილი კონკრეტული ბიუჯეტით, თარიღებით და შესრულების ვადებით. მაგალითად, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ჩვენ ვგეგმავთ 7 მილიარდის ინვესტიციას, იმისთვის, რომ ერთხელ დაა სამუდამოდ, ძლიერად ფეხზე დავაყენოთ სოფელი და განვითარება შევიტანოთ ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა სოფელში, ფეხზე დავაყენოთ გლეხი, ფერმერი და მოვაძლიეროთ ჩვენი სოფელი. 7 მილიარდი დაიხარჯება მომდევნო წლების განმავლობაში და გვინდა, მასშტაბური იყოს ყველა ის პროგრამა, რომელიც 8 წლის წინ წამოვიწყეთ, იქნება ეს „აწარმოე საქართველოში", „შეღავათიანი აგროკრედიტი", „დანერგე მომავალი" თუ უამრავი სხვა პროექტი, რომლითაც ჩვენმა რამდენიმე ათასმა მოქალაქემ უკვე ისარგებლა. მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ამას გარდა, ჩვენ 2,5 მილიარდის ინვესტიციას მოვახდენთ მომდევნო 3 წლის განმავლობაში ადგილობრივი წარმოების განვითარებაში. კიდევ უფრო მეტი სტიმული უნდა მივცეთ ადგილობრივ წარმოებას იმისთვის, რომ ეტაპობრივად ჩავანაცვლოთ იმპორტირებული საქონელი და ადგილზე განვავითაროთ წარმოება. ყველა რეგიონის მიხედვით, ყველა მუნიციპალიტეტის დონეზე, შესწავლილი გვაქვს პოტენციალი, იქნება ეს წიაღისეული რესურსი, მარაგები თუ სხვა. ასევე ძალიან საინტერესოა ტურიზმი. ყველა მუნიციპალიტეტს აქვს უნიკალური რესურსი და პოტენციალი, რომელიც ასევე უნდა გამოვიყენოთ. ჩემი დავალებით ვმუშაობთ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გავაკეთოთ რამდენიმე მიმზიდველი ტურისტული ლოკაცია იმისთვის, რომ მეტი ტურისტი ჩამოვიდეს ყველა რეგიონში. ამას გარდა, ჩვენ დავიწყეთ ურბანული განახლების პროექტი - ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში ევროპული ტიპის ცენტრების  მოწყობა და ეს კეთილდღეობა, ურბანული განახლება შემდგომ უნდა გადავიდეს სხვა დასახლებებში. სოფლად უნიკალური ადგილები უნდა გამოვარჩიოთ, მოვაწყოთ ახალი რეკრეაციული სივრცეები, ახალი ტურისტული ლოკაციები, გავაჩინოთ მიზიდულობის ახალი ცენტრები. ეს ყველაფერი, ჩვენი გათვლებით, მინიმუმ 100 ათას ახალ სამუშაო ადგილს შექმნის მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში. საკმარისია ეს?  რა თქმა უნდა, არ არაის საკმარისი. კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმით, მეტი ენერგიით უნდა ვიმუშაოთ, გაათმაგებული ტემპებია საჭირო იმისთვის, რომ ის რეალური პრობლემები, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს - უმუშევრობა და სიღარიბე, რაც შეიძლება მოკლე ვადაში იყოს დაძლეული და დამარცხებული", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930