2-09-2021
სტაბილურობას, სჭირდება, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფა და ეს ჩვენ შევძელით, ჩვენმა პარტიამ შეძლო, ბიძინა ივანიშვილმა შეძლო ის, რომ რვაწლიანი პერიოდი არის უწყვეტი მშვიდობის და სტაბილურობის პერიოდი საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ჭიათურის მერობის კანდიდატის, გივი მოდებაძის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანას არ ჰქონია არც ომი და არც არავითარი სერიოზული კონფლიქტი თუ დაპირისპირება.
„ვინმეს ჰგონია, რომ ეს მარტივი მისაღწევი იყო? მით უმეტეს ყველა ხელისუფლების დროს ქვეყანაში მოხდა ომი, მათ შორის სამოქალაქო ომიც, დაპირისპირება, ერთმანეთის ხოცვა და ტერიტორიების დაკარგვა, შეხედეთ ახლა "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდს - არც ომი გვქონია, არც რაიმე სერიოზული კონფლიქტი, პირიქით ჩვენი გონივრული, პრაგმატული პოლიტიკით მოვახდინეთ სიტუაციის დეესკალაცია, დავამშვიდეთ, მოვაწერეთ ისტორიულ შეთნხმებას ევროკავშირთან - ასოცირების შეთანხმებას, მივაღწიეთ უვიზო რეჟიმს, რომელზეც მანამდე უბრალოდ შეიძლება ადამიანს ეოცნება და ვერ წარმოედგინა, რომ მხოლოდ პასპორტით გადაადგილდები ევროპის მიმართულებით, თავისუფალი ვაჭრობა, გავხსენით ყველა ბაზარი, რუსეთის ბაზარი იქნება, თურქეთის. თურქეთთან გვაქვს სტრატეგიული ურთიერთობა და თავისუფალი ვაჭრობა, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობა, ევროკავშირის უზარმაზარ ბაზართან თავისუფალ ვაჭრობას მივაღწიეთ. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი გაკეთდა სოფლის მეურნეობის მიმართულებით, უამრავი პროგრამა დავაფინანსეთ, იქნებოდა ეს "აწარმოე საქართველოში, "შეღავათიანი აგროკრედიტი", "დანერგე მომავალი" და უამრავი სხვა. სასტუმროების მშენებლობას შევუწყვეთ ხელი და ასობით ახალი სასტუმრო აშენდა ყველა რეგიონში და ყველა მუნიციპალიტეტში. ჩვენ მიზანმიმართულად, თანმიმდევრულად ვახდენთ რესურსების ათვისებას. ახლა ეს მასშტაბები კიდევ უნდა გავაფართოოთ, კიდევ უფრო მეტად აქტიურად უნდა დავიწყოთ მუშაობა და ყველა რესურსი, რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია, ჩვენს ლამაზ მარგალიტს, ამ მართლაც ბრილიანტ ქვეყანას გააჩნია, უნდა ავითვისოთ, უნდა მივხედოთ ბოლომდე ყველა რეგიონს, ყველა მუნიციპალიტეტს და ბოლომდე ავითვისოთ ყველა ის რესურსი, რომელიც ღმერთმა გვარგუნა", - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამას სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და ხედვა, რომლის გარეშეც, განვითარება არ იქნება.
„ჩვენ გვაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა, ვიცით რა უნდა გავაკეთოთ, როგორ გავაკეთოთ, როდის და როგორ. ტურიზმის მიმართულებით, მაგალითად, ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენ შევქმნით ახალ ტურისტულ ლოკაციებს, ახალ კურორტებს განვავითარებთ, მათ შორის არსებულს, დავამატებთ ახლებს, მაქსიმალურად გამოვიყენებთ ყველა რესურსს. სოფლის მეურნეობის მიმართულებით 7 მილიარდ ლარს დავხარჯავთ და არც ერთი გოჯი მიწა არ დარჩება აუთვისებელი და გამოუყენებელი. ხელს შევუწყობთ ადგილობრივი წარმოების განვითარებას, ათასზე მეტ ახალ საწარმოს დავაფინანსებთ 2 მილიარდ 500 მილიონი ლარის ინვესტიციით, რითაც მინიმუმ 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება მხოლოდ ამ პროგრამების მეშვეობით. ეს სიკეთე უნდა ჩავიდეს ყველა რეგიონში, განვითარება უნდა შევიდეს ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა ოჯახში", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.