გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: Game changer-ს რომ უწოდებენ, სწორედ ასეთი ადამიანია ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც მართლაც შეცვალა ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება კი არა, ზოგადად, მთელი ქვეყნის ცხოვრება

2-09-2021

დღეს, რა თქმა უნდა ბევრს ავიწყდება, ბევრს ილუზია უჩნდება, რომ თავისით, მარტივად მოხდა თითქოს ეს 1-ლი ოქტომბერი, რა თქმა უნდა ეს ასე არ არის; ეს მოხდა თავდადებით, თავგანწირვით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" საჩხერის მერობის კანდიდატის, ლევან ივანაშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, თავდადების და თავგანწირვის გარეშე არც ერთი დიდი ისტორიული, ძირეული ცვლილება არ ხორციელდება.

„მე ერთ-ერთ გამოსვლაში ვთქვი, რომ ამ კაცმა მართლაც შეცვალა ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება კი არა, ზოგადად, მთელი ქვეყნის ცხოვრება. Game changer - რომ იტყვიან, სწორედ ასეთი ადამიანი არის და მართლაც უნდა აღინიშნოს, რომ ის რეფორმები, ის საქმეები, რომელიც დავიწყეთ 1-ლი ოქტომბრიდან და დღემდე გრძელდება ეს საქმეები, არის უპრეცედენტო. უპრეცედენტო თავისი მასშტაბით, თავისი შინაარსით, თავისი განზომილებით, მნიშვნელობით ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხისთვის. თუნდაც, ის წარმატებული საგარეო პოლიტიკა, ამით რომ დავიწყოთ, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, ნატოსთან მიმართებაში ძალიან სერიოზული, ხელშესახები პროგრესი, უამრავი, ათასობით პროგრამა, იქნება ეს „აწარმოე საქართველოში", „შეღავათიანი აგროკრედიტი", „დანერგე მომავალი" და სხვა და სხვა. ჯანდაცვა, განათლება, სკოლების მშენებლობა, გზების მშენებლობა. 10 000 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია შევძელით ბოლო 8 წლის განმავლობაში. 170 სკოლა აშენდა, 250 სკოლა რეაბილიტირდა და უამრავი ჰოსპიტალი, ამბულატორია გარემონტდა, განახლდა, აღიჭურვა მთელი საქართველოს მასშტაბით.  რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პროგრესი გვქონდა ყველა მიმართულებით -  იქნებოდა ეს ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა. ათასობით ახალი ჰექტარი გაშენდა, ვენახები იქნება ეს ხეხილის ბაღები თუ სხვა და ათასობით ბენეფიციარმა ისარგებლა იმ პროგრამებით, რომელიც ჩამოვთვალე. სამაცივრე მეურნეობები, შესანახი მეურნეობები. ყველაფერი ეს, ყველა ეს სიკეთე ჩვენ მოსახლეობამ ნახა და გამოსცადა. ახლა ჩვენ უნდა გავაფართოოთ ეს მასშტაბები. კიდევ უფრო მეტი საქმე უნდა გავაკეთოთ. მეტად ხელშესახები უნდა გავხადოთ ეს პროგრამები და ყველა ის სიკეთე, რომელიც ჩამოვთვალე. ვაპირებთ 7 მილიარდი ლარის ინვესტიციას სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ადგილობრივი წარმოების მიმართულებით 2 მილიარდ 500 მილიონი ლარის ინვესტიციას, რაც დამატებით 100 000 ახალ სამუშაო ადგილს გააჩენს. 1 000-ზე მეტი ახალი საწარმოს დაფინანსება მოხდება ამ უახლოესი 3-4 წლის განმავლობაში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ხელისუფლებას ძალიან ამბიციური გეგმები აქვს ინფრასტრუქტურის მიმართულებით, გზების მშენებლობის თუ წყალგაყვანილობის მოსაწესრიგებლად.

„ეს პრობლემები საჩხერეში წლების წინ მოგვარებულია ისევ ერთი კაცის დაფინანსებით და მისი ქველმოქმედებით, მაგრამ რა თქმა უნდა ეს პრობლემები არსებობდა და ჯერ კიდევ არსებობს სხვა მუნიციპალიტეტებში. ყველაფერი იყო მოჩვენებითი. ჩვენ კარგად გვახსოვს მეგობრებო, 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე ყველაფერი მოჩვენებითი იყო - ფასადური რეაბილიტაცია თუ პროექტები. გამოსაჩენი, სიყალბე. მათი ხელწერა იყო სიყალბე და ფარისევლობა და მავნებლობა საკუთარი სახელმწიფოს და ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ.

ჩვენ დავიწყეთ რეფორმების, ძირეული სამუშაოების ჩატარება, იქნებოდა ეს გზების მშენებლობა, ხიდების მშენებლობა. გუშინ ჩვენ მოვინახულეთ რიკოთის მონაკვეთზე მიმდინარე ისტორიული მართლაც საუკუნის პროექტი. 90-ზე მეტი ხიდი შენდება და 50-ზე მეტი გვირაბი, მართლაც გრანდიოზული სამუშაოები მიმდინარეობს. ყველა მუნიციპალიტეტში ისეთ სოფლებში დავაგეთ გზა, სადაც მანამდე საერთოდ არ არსებობდა გზა. აღვადგინეთ ხიდები, დაზიანებული გზები, შეგვყავს გაზი, გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ყველა სოფელში და ყველა მუნიციპალიტეტში. რა თქმა უნდა, ეს ტემპები კიდევ უნდა დავაჩქაროთ 10-ჯერ. უნდა გავაათმაგოთ ეს სამუშაოები და კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა უნდა იზრუნოს და ხელშესახები გახდეს ყველა ის სიკეთე, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ. ეს ყველაფერი არ იქნება, თუ არ იქნება სიმშვიდე და სტაბილურობა", - აღნიშნა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930