3-09-2021
მიმდინარე წლის წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.8 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას , აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის აგვისტოში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.7 პროცენტი შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი კი 6.8 პროცენტით განისაზღვრა.
საქსტატის ინფორმაციით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.4 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.45 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (3.8 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (2.6 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (2.1 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1.2 პროცენტი), თევზეული (1.1 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (1.0 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ზეთსა და ცხიმზე (-2.1 პროცენტი), ასევე ხილსა და ყურძენზე (-1.5 პროცენტი); ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები მომატებულია 1.1 პროცენტით, რაც 0.14 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (1.2 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (0.9 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (0.5 პროცენტი); სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.8 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.11 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია როგორც ღამის გასათევით მომსახურებაზე (7.2 პროცენტი), ისე საზოგადოებრივ კვებაზე (1.1 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.8 პროცენტიანი მატება, რაც 0.11 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (4.3 პროცენტი) და საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (0.5 პროცენტი).
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.2 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.09 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (43.9 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (42.2 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (17.3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (16.9 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (13.0 პროცენტი), თევზეული (11.9 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (11.5 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (8.3 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (6.8 პროცენტი), ხილი და ყურძენი (5.4 პროცენტი); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 22.5 პროცენტით, რაც 2.69 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (32.5 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (4.6 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (2.9 პროცენტი);
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 11.6 პროცენტიანი მატება, რაც 1.75 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (13.5 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (7.1 პროცენტი), წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (4.5 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 10.9 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.85 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაზრდილია სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (17.9 პროცენტი), საავადმყოფოების მომსახურების (5.3 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (5.0 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.