5-09-2021
მომდევნო სამი წლის განმავლობაში 2 მილიარდ 500 მილიონი ლარის ინვესტიციას განვახორციელებთ ადგილობრივი წარმოების განსავითარებლად და წასახალისებლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ცაგერის მერობის კანდიდატის, გიორგი ნემსაძის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, მიუღებელი და არასწორია, რომ ქვეყანა იყოს დამოკიდებული იმპორტირებულ პროდუქციაზე.
„კარგად მოგვეხსენება, რომ წლების განმავლობაში, მოყოლებული მას შემდეგ, რაც ჩვენ აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა და დაინგრა საბჭოთა კავშირი, ასევე დაინგრა და ხშირ შემთხვევაში ჩვენი უგუნური პოლიტიკით და ჩვენი ყოფილი მმართველების უგუნური პოლიტიკით, თავად დაანგრიეს და დაშალეს, ფაბრიკები, საწარმოები, ქარხნები. აუცილებელია ამ ყველაფრის აღდგენა, რომ მეტი დასაქმება მოვახდინოთ ჩვენი მოსახლეობის, მეტი დოვლათი შეიქმნას, რომ ეტაპობრივად ჩავანაცვლოთ იმპორტირებული საქონელი. არ შეიძლება და მიუღებელია, არასწორია, რომ ქვეყანა იყოს დამოკიდებული იმპორტირებულ პროდუქციაზე. რა თქმა უნდა, იმპორტიც უნდა იყოს, ყველაფერი, მაგრამ აუცილებელია ჯერ ჩვენს თავს მივხედოთ, ჩვენს მოსახლეობას მივხედოთ და თვითუზრუნველყოფილი, თვითკმარი ქვეყანა გავხდეთ, როგორც მინიმუმ სოფლის მეურნეობის პროდუქციით, რისი უდიდესი, უზარმაზარი პოტენციალიც გაგვაჩნია, მართლაც ამ უნიკალურ მხარეში, რომელიც ცნობილია, ცნობილი ვენახებით, ვაზის ჯიშებით, ღვინით. რა თქმა უნდა, განვავითარებთ ტურიზმს და სპეციალურ პროგრამებს წარმოგიდგენთ უახლოეს თვეებში ცაგერის მუნიციპალიტეტისთვის, ეს იქნება კონკრეტულად მორგებული თქვენს მუნიციპალიტეტზე, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ტურიზმის განვითარებას ცაგერის მუნიციპალიტეტში. ამას გარდა, მე ვახსენე სოფლის მეურნეობის პროგრამები და ასევე ადგილობრივი წარმოების მიმართულებით ჩვენს მიერ გადასადგმელი, დამატებითი უფრო ძლიერი ნაბიჯები. იქნება მორგებული სპეციალური პროგრამები, რომელიც ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, პატარა საწარმოების განვითარებას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.