6-09-2021
"ამ ქალაქისთვის არა უბრალოდ კარგი, არამედ ყველაფერი მხოლოდ საუკეთესო მინდა. ეს არის ჩემი ამბიცია, ჩემი, როგორც პოლიტიკოსის, როგორც მოქალაქის, როგორც თბილისის სამსახურში მდგომი საჯარო მოსამსახურის მიზანი, გნებავთ გამოწვევა და თქვენგან დაკისრებული ვალდებულება, "- ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საარჩევნო პროგრამის მთავარი მიმართულებების პრეზენტაციაზე განაცხადა.
პროგრამის წარდგენამდე კახა კალაძემ საზოგადოებას კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ნდობისთვის და თბილისელების მხარდაჭერით მიღებულ მოტივაციაზე ისაუბრა.
„პირველ რიგში, მინდა კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა იმ ნდობისა და მხარდაჭერისთვის, რასაც წლების განმავლობაში თქვენგან ვგრძნობ. მადლობა ყველას იმ გულწრფელი კრიტიკის და შექებისთვის, რომელიც მაძლევდა უფრო მეტ მოტივაციას და ძალას, ჩვენი დედაქალაქის სამსახურში მეტი ენერგია და მოწადინება ჩამედო.
მე ვარ ბედნიერი, როცა სამუშაო დღის ბოლოს ვბრუნდები სახლში და ჩემს ოთხ პატარა თბილისელს, ჩემს მეუღლეს ვუყვები, თუ როგორ ჩაიარა მორიგმა სამუშაო დღემ, ვუყვები იმ გეგმებზე, რასაც ვახორციელებთ მათთვის და თითოეული იმ ადამიანისთვის, ვინც ჩვენს დედაქალაქში ცხოვრობს და მომავალში იცხოვრებს.
ბედნიერი ვარ, როცა რიგითი მოქალაქეების თვალებში ვხედავ მხარდაჭერას, მოწონებას და იმედს, რომ ჩვენი თბილისი არა მხოლოდ კარგი, არამდე საუკეთესო ქალაქი იქნება", - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.