29-12-2017
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციამ“ გერმანულ კომპანია „COMSOFT SOLUTION Gmb“-თან ხელშეკრულება გააფორმა. აღნიშნული ხელშეკრულებით გერმანულ კომპანიას ევალება, სააერნაოსნო მონაცემთა ბაზის პროგრამული განახლება ფართე გამოყენების მიზნით და საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემასთან კავშირის დამყარება.
საჰაერო მოძრაობის ზრდასთან და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, საერთაშორისო საავიაციო საზოგადოება ახალი გამოწვევების წინაშე დადგა. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მოთხოვნით, ქვეყნებმა განვითარეს სააერნაოსნო ინფორმაციის მომსახურებები და მისი მართვის უფრო ფართო კონცეფციაზე გადავიდნენ.
საჰაერო მოძრაობის მართვის პროცესში ინფორმაცია გადამწყეტ როლს ასრულებს. უსაფრთხო ფრენების უზრუნველყოფა შეუძლებელი იქნებოდა სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურის გარეშე, რომელიც ახორციელებს სააერნაოსნო ინფორმაციის ნაკადის თანმიმდევრულ მიწოდებას, რათა მოხდეს საერთაშორისო აერნაოსნობის უსაფრთხო, რეგულარული და ეფექტური ოპერაციული გამოყენება .
“საქაერონავიგაცია აქტიურად არის ჩართული გლობალური ცვლილების პროცესში და თანმიმდევრულად ნერგავს და ანახლებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომელიც პასუხობს ICAO-ს სტანდარტებს და რეკომენდაციებს. სააერნაოსნო საინფორმაციო მომსახურების სისტემების განახლება ხელს შეუწყობს ინფორმაციის მართვას და დისტრიბუციას, რაც უმნიშვნელოვანესია საჰაერო მოძრაობის მართვის უსაფრთხო და ეფექტური განხორციელებისთვის”,- განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციის გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა.