7-09-2021
ორშაბათიდან ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია დაიწყება, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ლატარია გათამაშდება ყოველდღიურ რეჟიმში, წლის ბოლომდე და ყოველდღიური გათამაშების გარდა იქნება ყოველკვირეული შემაჯამებელი გათამაშება.
„ორშაბათიდან ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია დაიწყება. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ლატარიის კომპანია ყოველდღიურად გაათამაშებს ფულად ჯილდოებს ვაქცინირებული პირებისთვის. ჯამური საპრიზო ფონდი შეადგენს 2 800 000 ლარს. ლატარია გათამაშდება ყოველდღიურ რეჟიმში, წლის ბოლომდე.
ყოველდღიური გათამაშების გარდა იქნება ყოველკვირეული შემაჯამებელი გათამაშება. ცხადია, იქნება სხვადასხვა საპრიზო ფონდები. 100 ლარი და 500 ლარი გათამაშდება ყოველდღიურად. ყოველკვირეულად გათამაშდება 1000, 1500, 5000 და 10 000 ლარის ოდენობის ჯილდო. შემაჯამებელი გათამაშება იქნება წლის ბოლოს და მისი საპრიზო ფონდი იქნება 100 000 ლარი. გათამაშება შედგება ყოველდღიურად, ლატარიის კომპანია შემთხვევითი შერჩევის გზით შეარჩევს გამარჯვებულებს, შეატყობინებს ამ ადამიანებს და გადასცემს შესაბამის პრიზებს. ლოტოტრონის პრინციპით იქნება მხოლოდ საბოლოო გათამაშება, თუმცა ტექნიკურ მხარეზე ლატარიის კომპანია გაავრცელებს უფრო დეტალურ ინფორმაციას", - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.