7-09-2021
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისი გახსნა.
კახა კალაძემ საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და აღნიშნა, რომ ორგანიზაციის ოფისში ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა, მივიდნენ და ქალაქის განვითარებაზე იმსჯელონ. ასევე, დააფიქსირონ საკუთარი იდეები და ინიციატივები.
„ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. მიხარია, რომ გვექნება სივრცე, სადაც იქნება შესაძლებლობა, ქალაქთან დაკავშირებით, სხვადასხვა საინტერესო თემაზე, იდეაზე ვიმსჯელოთ. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ის, რომ ახალგაზრდებთან ურთიერთობა, რომელიც 2017 წელს დაიწყო, გრძელდება და არ ყოფილა მხოლოდ არჩევნებიდან არჩევნებამდე. ერთად ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ.
მუნიციპალიტეტმა ახალგაზრდების ჩართულობით, უამრავი პროგრამა დააფინანსა, რაც ძალიან კარგია. ეს ურთიერთობა აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ და განვაგრძოთ. მიმაჩნია, რომ ახალგაზრდები, თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც გარკვეული გარდატეხა უნდა შეიტანოს ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში", - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მომდევნო წლების განმავლობაში, ახალგაზრდების ჩართულობით, კიდევ არაერთი პროექტი განხორციელდება.
„ვიცით, რომ ქალაქში ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები და გამოწვევები. არავინ იფიქროს, რომ ყველაფრით კმაყოფილი ვართ, რაც გაკეთდა. ზუსტად ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვინც დეტალურად იცის ყველა პრობლემა რაიონების, ქუჩებისა და სადარბაზოების მიხედვით. ჩვენ ნამდვილად არ გვეშინია ამ პრობლემების. ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღეთ, რომელიც არავის ეგონა, თუ ოდესმე გაკეთდებოდა. სირთულეებში ყოველთვის არის საუკეთესო გამოსავალი და ძალიან მიხარია, რომ შევძელით, ამ პროექტების განხორციელება. ჩემი იმედი გქონდეთ ყოველთვის. ძალიან ვგულშემატკივრობ ახალგაზრდებს და აბსოლუტურად ღია ვარ, მივიღო თქვენი მოსაზრებები ქალაქთან დაკავშირებით. ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, მეც ვუშვებ შეცდომებს, მეც შევმცდარვარ ცხოვრებაში. ჩვენი სიძლიერე მიმღებლობაა. ამიტომ, ყოველთვის მივიღებ რჩევას, საინტერესო იდეებს, რომლის განხორციელებასაც მომდევნო წლების განმავლობაში ერთად შევძლებთ", - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისის მნიშვნელობაზე ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ ისაუბრა.
„ნებისმიერ ახალგაზრდას შეუძლია, მოვიდეს ჩვენს ოფისში და წარმოადგინოს საკუთარი იდეა, ინიციატივა, პროექტი. ასევე, გვექნება თემატური პრეზენტაციები საარჩევნო პროგრამების შესახებ. ვისაუბრებთ ყველაფერზე, რაც თბილისს და თბილისელებს აწუხებს", - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისის გახსნას კახა კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი ამილახვარი დაესწრო.