გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრმა დუშეთში ახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაღი დაათვალიერა და მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა

10-09-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქალაქ დუშეთში ახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაღი დაათვალიერა და მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების შესახებ მოისმინა ინფორმაცია.


დუშეთში, მეორე საბავშვო ბაღში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლდა შენობა, რომელიც სრულად არის ადაპტირებული შშმ პირებისთვის.


დუშეთის მეორე საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მუნიციპალური ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ღირებულება 708 885.39 ლარს შეადგენს.


ასევე, პრემიერ-მინისტრმა დუშეთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობის შესახებ მოისმინა ინფორმაცია. სპორტული კომპლექსის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 4 160 140. 54 ლარს შეადგენს.


დაგეგმილია ოთხსართულიანი შენობის მშენებლობა, რომელიც ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის. შენობაში განთავსდება მისაღები, ადმინისტრაციის ოთახები, საკონფერენციო დარბაზი, სასადილო, სამრეცხაო, ძიუდოს და კალათბურთის დარბაზები, ტრენაჟორების ოთახი და სასტუმროს ოთახები.
დუშეთის სპორტულ კომპლექსში ძიუდოსა და ჭიდაობის სახეობებში საერთაშორისო დონის ტურნირები ჩატარდება.


მთავრობის მეთაურთან ერთად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი დაათვალიერეს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, პარლამენტის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა და სახელმწიფო რწმუნებულმა მცხეთა-მთიანეთის მხარეში დავით ნოზაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930