17-09-2021
ჩემი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს ჩვენ გამოვიძიეთ ძალიან ბევრი გახმაურებული საქმე, მათ შორის ე.წ კასრების საქმე, სადაც არნახული, წარმოუდგენელი სისასტიკისა და სადიზმის ამსახველი კადრები ვიხილეთ ჩვენ და საზოგადოებამ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მეგის ქარდავა სააკაშვილის ხელისუფლების დროს, როდესაც წარმოუდგენელი სისასტიკით ეპყრობოდნენ ადამიანებს, მხოლოდ ერთ-ერთი შემსრულებელი იყო.
„ყველამ იხილა, თუ რაოდენ სასტიკად ექცეოდნენ ჩვენს მოქალაქეებს. ერთი ძალიან მოკლე ფრაგმენტი მინდა გავახსენო მოსახლეობას. ამ მასალის შემადგენელი ნაწილი იყო ერთ-ერთი სრულიად უდანაშაულო ადამიანის წამების ფაქტი, რომელიც აღბეჭდილი იყო მათ მიერ ვიდეოფირებზე, სპეციალურად მოწყობილ სამალავებში ჩაჰყავდათ ადამიანები და ნებისმიერი ჩვენების მისაღებად მიმდინარეობდა არაადამიანური, სასტიკი წამება და გაუპატიურება და ათასი უბედურება, რომელიც შეიძლება ადამიანს დამართოს არაადამიანმა, რადგან ეს ადამიანებისთვის სრულიად მიუღებელია. მინდა, ეს ისტორია შევახსენო მოსახლეობას და აღვნიშნო, თუ რა ძალასთან გვიწევს ჩვენ დღეს შერკინება და რა ძალა იბრძვის ჯერ კიდევ ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის. დავალება იყო, რომ ამ ადამიანს თავის თავზე უნდა დაებრალებინა დანაშაული, რომელიც მას არ ჩაუდენია - რაღაც ტერორისტული აქტის განხორციელების მცდელობა. წაიყვანეს, მოიტაცეს ოჯახიდან, ფეხმძიმე მეუღლეს სცემეს, რომელსაც შემდგომ მუცელი მოეშალა, წაიყვანეს ადამიანი, საშინელებები დამართეს, წაიყვანეს გამაუპატიურებელი ადამიანი, რომელსაც 55 ლარი გადაუხადეს, ეს ყველაფერი დადასტურებულია გამოძიებით. ამის შემდეგაც ვერ მიიღეს სასურველი ჩვენება, რადგან ამ ადამიანმა გაუძლო ამ საშინელებებს და დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებები ჩაუდეს და ამით გაუშვეს ციხეში. ეს არის სააკაშვილის ხელისუფლება და ეს არის მათი ხელწერა. რა თქმა უნდა, მეგის ქარდავა არ იყო ერთი, ის იყო ერთ-ერთი შემსრულებელი. ასევე, მინდა გავიხსენო სააკაშვილის ერთ-ერთი მიმართვა ჯარის მიმართ, ასეთი კაცი ხელმძღვანელობდა სამხედრო პოლიციას. მე შემთხვევით არ გამიხსენებია სერგო თეთრაძე, რომელიც სამხედრო პირი, პოლკოვნიკი იყო. ის გამოგონილი ბრალდებით დააკავეს, თითქოს იყო რუსეთის ჯაშუში, წაიყვანეს, აწამეს, საშინელებები დამართეს, აღარ მინდა გავიმეორო და ტკივილი მივაყენო მის ოჯახს და ასე წამებით მოკლეს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.