19-10-2021
როგორ ილუზიებში ცხოვრობდნენ და აცხოვრებდნენ ჩვენს მოსახლეობას, ასეთივე ილუზიებში არიან ისინი ახლა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ოზურგეთში „ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებით საუბრისას განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, არაერთი საწინააღმდეგო ფაქტორის მიუხედავად, „ქართულ ოცნებას" მოსახლეობის თითქმის ნახევარმა უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადა.
„მათ წააგეს კატასტროფულად არჩევნები, ამაზე ცუდი შედეგები არ შეიძლება ყოფილიყო. ისინი ამბობდნენ, რომ 43%-ს ვერ აიღებდა „ქართული ოცნება", ჩვენ ავიღეთ 47% თითქმის, მით უმეტეს იმ პირობებში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებოდით. ამას დაემატა შიდა ღალატიც და ძალიან ბევრი ფაქტორი, რომელმაც იმუშავა ჩვენს საწინააღმდეგოდ. ამის მიუხედავად, მთელი მოსახლეობის 47%-მა, თითქმის ნახევარმა, გამოგვიცხადა უპირობო მხარდაჭერა და მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენს ამომრჩეველს, ჩვენს მოსახლეობას. ჩვენი ქვეყანა გაიმარჯვებს, ჩვენი მოსახლეობა გაიმარჯვებს. როგორც მათ სამწუხაროდ, საუბედუროდ, აზეიმეს აგვისტოს ომის შემდეგ, გამოიყვანეს რუსთაველზე და „მიშა, მიშა" აძახებინეს, ასეთ პირობებში არიან ახლაც და სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ვერ ხვდებიან რა ილუზიებში უწევთ მათ ცხოვრება", - განაცხადა პრემიერმა.