1-11-2021
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური ხელშეწყობით, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, ასევე, გაიწმინდა მისი ყველა ვიტრაჟი გალერეაში შესაბამისი ბუნებრივი განათების მისაღებად. აღსანიშნავია, რომ ეროვნულ გალერეაში სარემონტო სამუშაოები უკანასკნელად ჩატარდა 2011 წელს, ხოლო გაწმენდითი სამუშაოები - 2019 წელს.
განახლებული ეროვნული გალერეა 2 ნოემბერს გაიხსნება გამოფენით, რომელიც ერთ საგამოფენო სივრცეში ორი დიდი მხატვრის, ნიკო ფიროსმანაშვილისა და ირაკლი ფარჯიანის შემოქმედების ექსპონირების გზით მე-20 საუკუნის ქართული ხელოვნების საინტერესო კონტექსტს გვთავაზობს.
ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების განახლებული გამოფენისთვის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან 20 ნამუშევარი შეირჩა, რომელიც მხატვრის შემოქმედების ფართო ჟანრობრივ დიაპაზონს წარმოაჩენს.
ნიკო ფიროსმანაშვილის ახალ გამოფენას თან ახლავს საგანმანათლებლო-საინფორმაციო მასალა, რაც ნებისმიერი თანამედროვე ექსპოზიციის განუყოფელი ნაწილია და დღემდე ეროვნულ გალერეას არ ჰქონდა. კერძოდ, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ნამუშევრების შესახებ ხელმისაწვდომია აუდიოტური სამ ენაზე (ქართული, ინგლისური, რუსული), რომლის მოსმენასაც დამთვალიერებელი ყურსასმენების საშუალებით შეძლებს; ლაზერის აპარატით კედელზე დატანილ იქნა მხატვრის ფოტო და ბიოგრაფია ორ ენაზე; განთავსდა სენსორული მონიტორი ვრცელი ინფორმაციითა და ფოტომასალით ფიროსმანისა და ძველი თბილისის შესახებ; აფიშები; ნიკო ფიროსმანაშვილზე ილია ზდანევიჩის წიგნის შესახებ ვრცელი
ინფორმაცია; 1916 წელს სამი მხატვრის - ი. ნიკოლაძე, შ. ქიქოძე, ა. მრევლიშვილი მიერ შესრულებული ფოროსმანის პორტრეტების ესკიზური ჩანახატების ფოტო ასლები.
ეროვნული გალერეის ახალი გუნდი, ირაკლი ფარჯიანის სახელობის ფონდი და „ბაია გალერეა" იმავდროულად გამართავს ირაკლი ფარჯიანის ნამუშევრების გამოფენას. წარმოდგენილი იქნება ირაკლი ფარჯიანის 80 ნამუშევარი (ფერწერა, გრაფიკა, ილუსტრაცია) სამუზეუმო და კერძო კოლექციებიდან. მათი ნაწილი (30 ნამუშევარი) პირველად იქნება ექსპონირებული.
გამოფენა გაიხსნება 2 ნოემბერს და ვიზიტორებს მისი ხილვის შესაძლებლობა 2022 წლის 1-ელ თებერვლამდე ექნებათ. ეროვნული გალერეის ერთი დარბაზი მომავალშიც პერმანენტულად დაეთმობა ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედებას, რისთვისაც მხატვრის ნამუშევრები პერიოდულად შეიცვლება.
ეროვნულ გალერეაში, როგორც პირველ ასევე მეორე სართულზე 2022 წელს პროექტების სახით შემოსული განაცხადებიდან (განაცხადების მიღება დასრულდება 2021 წლის 7 დეკემბერს) აირჩევა საგამოფენო პროექტები. პროქტების შერჩევას ახორციელებს საგამოფენო კომისია.