2-11-2021
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წევრმა ივანე ნორაკიძემ დღეს ბრიფინგი გამართა და საოლქო საარჩევნო კომისიებს ახალი რეკომენდაციით მიმართა, რომელიც ცესკოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით იქნა მიღებული.
როგორც ივანე ნორაკიძემ განაცხადა, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების პირველმა ტურმა საარჩევნო ადმინისტრაციას აჩვენა, თუ რამდენად შეუწყო ხელი პროცესის უფრო მეტ გამჭვირვალობას როგორც ხმების გადათვლის პროცედურებმა, ისე ხმის დათვლის და გადათვლის ვიდეო გადაღებამ.
„მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურზე 1457 საარჩევნო უბანზე განხორციელდა ვიდეო-გადაღება. როგორც მოგეხსენებათ, პირველ ტურში ვიდეო ჩანაწერები, ნაცვლად დადგენილებით განსაზღვრული 5 დღისა, „გუგლ დრაივზე“ აიტვირთა და გასაჯაროვდა მე-3 დღეს, ხოლო მეორე ტურის ვიდეო ჩანაწერები გასაჯაროვდა დღეს, ანუ არჩევნებიდან 2 დღეში.
მეორე ტურში ვიდეო გადაღება არ განხორციელდა მხოლოდ 292 საარჩევნო უბანზე. სწორედ ამიტომ, პროცესის მიმართ მეტი ნდობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, ცესკოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ყველა იმ საარჩევნო ოლქში, სადაც ვიდეო ფიქსაცია არ განხორციელდა 2-ზე მეტ საარჩევნო უბანზე, ლოტოტრონის მეშვეობით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩეს 2-2 უბანი და მოხდეს მათი მონაცემების გადათვლა; ხოლო იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც ასეთი უბნები 2 ან ნაკლებია, ავტომატურად გადაითვალოს ყველა მათგანი.
აქედან გამომდინარე, მივმართავთ საოლქო საარჩევნო კომისიებს, ხვალვე უზრუნველყონ წილისყრისა და გადათვლის პროცედურების განხორციელება,“ - განაცხადა ივანე ნორაკიძემ.