20-11-2021
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი განთავსების ობიექტების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი, შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე, ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე, საქართველოს შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაციის, სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის წარმომადგენლები.
მარიამ ქვრივიშვილმა დამსწრე საზოგადოებას ე.წ. "მწვანე სტატუსი/პასპორტის" კონცეფცია გააცნო და მისი აღსრულების შესაძლო მექანიზმებზე ისაუბრა, ასევე ყურადღება გაამახვილა ტურიზმის სექტორის სწრაფი აღდგენის გზებსა და ამ მიმართულებით ვაქცინაციის აუცილებლობაზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და სასტუმროს წარმომადგენლებმა "მწვანე პასპორტთან დაკავშირებით" მმართველი გუნდის წევრებს საკუთარ მოსაზრებები გააცნეს. კერძო სექტორის წარმომადგენელთა წინადადებებს და მოსაზრებებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე საკოორდინაციო საბჭოს წევრებს გააცნობს.
„ჩვენ ვაგრძელებთ ბიზნესთან შეხვედრებს მწვანე პასპორტის ამოქმედების თაობაზე. აღსანიშნავია, რომ სასტუმროების წარმომადგენლებმა საკმაოდ დადებითად შეაფასეს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება „მწვანე პასპორტების" ამოქმედების თაობაზე, თუმცა, რა თქმა უნდა, მათ ჰქონდათ უკუკავშირი, საკმაოდ საინტერესო და ჯანსაღი დისკუსია, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ მოტივაცია ტურიზმში დასაქმებული ადამიანების ვაქცინაციისთვის, როგორ შეიძლება სწორად ვმართოთ „მწვანე პასპორტების" ფორმატით სტუმრების მიღება. ჩვენ, ბუნებრივია, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბიზნესის ხმა მივიტანოთ საკოორდინაციო საბჭოზე და მივიღოთ დაბალანსებული გადაწყვეტილება, რომელიც ხელს შეუწყობს ეპიდვითარების დასტაბილურებას და ეს იქნება მისაღები საოპერაციო პირობები ბიზნეს სექტორისთვის."-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
„კერძო სექტორთან ერთად ძალიან აქტიურად განვიხილავთ „მწვანე სტატუსის" პროექტის ამუშავებას, შესაბამისად, მათგანაც ვისმენთ დამატებით არგუმენტებსა და მოსაზრებებს, თუ რა შეიძლება გაკეთეს იმისთვის, რომ პროექტი იყოს წარმატებული და შედეგის მომტანი, რომელსაც შესაბამის უწყებებთან გავივლით"-განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა
„ვაგრძელებთ შეხვედრას ბიზნესის წარმომადგენლებთან, ვმსჯელობთ იმ საკითხებზე, თუ როგორ განხორციელდება აღსრულების მექანიზმი პირველი დეკემბრიდან ე.წ. „მწვანე ზონების" და „მწვანე პასპორტის" კონცეფციით. როგორც მოგეხსენებათ, შრომის ინსპექცია მთელი ქვეყნის მასშტაბით განახორციელებს აღსრულებას. დღევანდელი შეხვედრა შეეხებოდა იმას, თუ როგორი ტიპის იქნება აღსრულება და რა მოთხოვნები იქნება შრომის ინსპექციის მხრიდან და რა ტიპის ბენეფიტები შეიძლება ჰქონდეს ბიზნესს ამით, იმისთვის რომ მაქსიმალური პრევენცია განვახორციელოთ და ვირუსის გავრცელება იყოს აღკვეთილი ამ კუთხით."-განაცხადა ბექა ფერაძემ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა ანალოგიური შეხვედრა სარესტორნე ბიზნესის წარმომადგენლებთანაც გამართა. შეხვედრები კერძო სექტორთან მომავალშიც გაგრძელდება.