5-06-2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში მაქსიმალურად ფართო საზოგადოებრივი ჩართულობა მოხდება.
მისივე თქმით, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადაყენების მოთხოვნა გონივრულ საფუძველს მოკლებულია.
ამ განცხადებით პრემიერი არასამთავრობოების მიერ იუსტიციის მინისტრის გადაყენების მოთხოვნას ეხმაურება.
„მინდა, გამოვეხმაურო არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილის მოთხოვნას, რომელიც მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში მონაწილეობის სანაცვლოდ იუსტიციის მინისტრის გადადგომის პირობას აყენებს.
ჩვენ არაერთხელ ვთქვით და კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში მაქსიმალურად ფართო საზოგადოებრივ ჩართულობას უზრუნველვყოფთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ პროცესში საზოგადოების, აკადემიური წრეების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. იუსტიციის სამინისტრომ კანონის შესაბამისად პროცედურები უკვე დაიწყო.
მიუღებელია, რომ არასამთავრობოების ნაწილი, ულტიმატუმის ენით გვესაუბრება და ცდილობს, ბოიკოტის გამოცხადებით ეჭვქვეშ დააყენოს პროცესის ლეგიტიმაცია. მათ განცხადებებში იკვეთება საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანის მცდელობა, რაც ასევე სრულიად მიუღებელია. ამიტომ მოვუწოდებ მათ, ნუ გასცდებიან საკუთარი საქმიანობის მანდატს და თუ მათი მიზანი მართლაც პროცესის გამჭვირვალედ წარმართვაა, მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ თავიანთ გადაწყვეტილებებს.
რაც შეეხება იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადაყენების მოთხოვნას, ეს არის სრულიად აბსურდული და გონივრულ საფუძველს მოკლებული მოთხოვნა“- განაცხადა პრემიერმა.