23-11-2021
საქართველოში ავსტრიის საელჩოს, ავსტრიის საგარეო ვაჭრობის წარმომადგენლობისა (Advantage Austria) და საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის (GCCI) ორგანიზებით, ბიზნესფორუმი „ეკონომიკის მდგრადობა და გამწვანება - საქართველოს სტრატეგიები ეკონომიკის აღდგენის კონტექსტში COVID-ის შემდეგ” გაიმართა.
ფორუმს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, ავსტრიის ელჩი საქართველოში, თომას მიულმანი, ავსტრიის კონსული სავაჭრო საკითხებში საქართველოში, აზერბაიჯანსა და თურქეთში, გეორგ კარაბაჯეკი, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის ვიცეპრეზიდენტი ნინო სუქნიძე და ავსტრიული და ქართული ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მონაწილეებმა ავსტრიული და ქართული ბიზნესსექტორის თანამშრომლობის და ბიზნესინოვაციებისა და მწვანე ეკონომიკის შესაძლებლობების საკითხები განიხილეს. ბიზნესფორუმის ფარგლებში, „Energy Globe Award” დაჯილდოება და სიმპოზიუმი „მდგრადი განვითარება პრაქტიკულ ჭრილში - ავსტრიული და ქართული გამოცდილებები“ გაიმართა. სიმპოზიუმზე ნინო თანდილაშვილმა კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზენტაცია წარმოადგინა.
„მინდა აღვნიშნო, რომ კლიმატის ცვლილების სფეროში, საქართველოს ორმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმება აქვს გაფორმებული შვეიცარიასთან, რაც კონკრეტული ფინანსური რესურსების მობილიზების საშუალებას მოგვცემს. იგი დაეხმარება საქართველოს კლიმატის ცვლილების კუთხით მისაღები, კლიმატგონივრული პროექტების განხორციელებაში და ქვეყანაში მწვანე პრინციპებს წაახალისებს. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო პარტნიორებთან ბევრი მსგავსი მექანიზმის შექმნისთვის, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს როგორც საჯარო, ისე კერძო ინფრასტრუქტურა განავითაროს მაღალი გარემოსდაცვითი სტანდარტებითა და კლიმატგონივრული ტექნოლოგიების გამოყენებით”, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.