24-11-2021
ორშაბათს ჩემი დავალებით ფინანსთა მინისტრი წარმოადგენს კონკრეტულ ხედვას, ონლაინ-კაზინოებთან დაკავშირებით, შემდეგ უკვე პარლამენტს მივმართავთ თხოვნით, რომ მათ მოახდინონ კანონპროექტის ინიცირება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ინიციატივა მოიცავს სამ კომპონენტს - ასაკობრივი ზღვარის აწევას 25 წლამდე, რეკლამის აკრძალვას და გადასახადების გაზრდას ონლაინ-კაზინოებისთვის.
„გუშინ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს 1,5 მილიარდი დააკლდება ბიუჯეტს. დაახლოებით 300 მილიონია შემოსავალი ონლაინ-კაზინოებიდან, ამიტომ, ეს უნდა გაიზარდოს. პირველი ეტაპი იქნება ის, რომ ჩვენ გავუზრდით გადასახადებს ონლაინ-კაზინოებს. 25 წლამდე უნდა ავწიოთ ბარიერი. 14-16 წლის ბავშვები არიან ჩართულები ამ საშინელებაში. ჩვენ თაობებს ვღუპავთ და ამიტომ, ჩვენ თუ არ ვიმოქმედეთ მათ მშობლებთან ერთდ, ჩვენ დავკარგავთ თაობებს. იყო გვერდის ავლის მექანიზმები და ჩავდებთ დამატებით დამცავ მექანიზმებს და გავამკაცრებთ რეგისტრაციას. რეკლამა უნდა აიკრძალოს ყველა სახის, ვინაიდან, ეს არის ძალიან დამაბრკოლებელი და დამაზიანებელი ჩვენი ახალგაზრდა თაობისთვის. ეს არ ეხება სპორტულ ბეთებს. როგორ არის ევროპაში, ჩვენ ისე უნდა გავაკეთოთ ეს არის ძარცვა ჩვენი მოსახლეობის. ასეულობით მილიონი დოლარი გაედინება ქვეყნიდან. მთავრობამ ამაზე თუ რეაგირება არ მოახდინა, ეს არის დანაშაული. ორშაბათს ჩემი დავალებით ფინანსთა მინისტრი წარმოადგენს კონკრეტულ ხედვას, მთავრობის სხდომაზე. შემდეგ უკვე პარლამენტს მივმართავთ თხოვნით, რომ მათ მოახდინონ კანონპროექტის ინიცირება, რომელსაც ჩვენ შევიმუშავებთ. სამი კომპონენტია - ასაკობრივი ზღვარის აწევა 25 წლამდე, რეკლამის აკრძალვა და გადასახადების გაზრდა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.