27-11-2021
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს არქიტექტორთა კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ხელმომწერები არიან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე დავით აბულაძე.
სამინისტროსა და არქიტექტორთა კავშირს შორის გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით აქტიურ თანამშრომლობას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. აქტიური მუშაობა იგეგმება კულტურული მემკვიდრეობის და მხატვრული ძეგლების დაცვის, თანამედროვე ქართული არქიტექტურის განვითარებისა და მიღწეული წარმატებების პოპულარიზაციის მიმართულებით. ასევე, იგეგმება არქიტექტურის, როგორც ხელოვნებისა და კულტურის მნიშვნელოვანი სინთეზური დარგის სამართლებრივად დამკვიდრება და მის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საქართველოს არქიტექტორთა კავშირთან ერთად იზრუნებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობასა და პოპულარიზაციაზე კულტურული მემკვიდრეობის განხრით. უმნიშვნელოვანესია კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან დაკავშირებული შესაბამისი ცოდნისა და უნარების შემდგომი თაობებისთვის გადაცემა და მათი პროექტებში ინტეგრირების გზით, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების ხელშეწყობა. ასევე, მხარეების მიერ იგეგმება საერთაშორისო სამართლებრივი აქტების გათვალისწინებით საქართველოში არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწაზე ერთობლივი მუშაობა. სამართლებრივი აქტების დახვეწა და საერთაშორისო პრაქტიკასთან მეტი თანხვედრა მომავალში კანონის აღსრულების მექანიზმების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს და კულტურული მემკვიდრეობის კლასიფიკაციისა და კატეგორიზაციის სისტემის გაუმჯობესებასაც შეუწყობს ხელს.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებასთან ერთად გაიმართა დაჯილდოების ცერემონიაც, სადაც არქიტექტორებს პროფესიული ჯილდოები გადაეცათ. მთავარი ჯილდო - „არსუკიძის პრიზი" აწგარდაცვლილ არქიტექტორ ბუცა ჯორბენაძეს მიენიჭა.„არქიტექტურის რაინდის" ტიტული მიიღეს გიორგი სალუქვაძემ, ოთარ ნახუცრიშვილმა და მიხეილ ლაითაძემ, ხოლო „სოსო ბანძელაძის სახელობის პრიზი" საუკეთესო სარესტავრაციო ნაწარმოებისთვის მიიღო არქიტექტორ-რესტავრატორმა ტარიელ კიპაროიძემ. ამასთან, გაიმართა არქიტექტორთა საერთაშორისო ასოციაციის კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოებაც. მოცემული ჯილდოები მიიღეს არქიტექტორებმა მამუკა ჩხაიძემ და ირინა ბალავაძემ.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და მოვლა-პატრონობა. შესაბამისად, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სამინისტროს მხრიდან კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია სფეროს განვითარებისა და მხარდაჭერისთვის.