30-11-2021
ვისურვებდი უფრო ეფექტური ლიდერი ყოლოდა ნაცმოძრაობას ასეთ ექსტრემალურ სიტუაციაში - ასე უპასუხა ტვ „აჭარის“ თოქშოუში „თავისუფალი სივრცე“ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერმა მაია ორჯონიკიძემ შეკითხვას, ისურვებდა თუ არა ნიკა მელიას გადადგომას.
მაია ორჯონიკიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას, შიდა დემოკრატიის პროცესები უფრო მეტ ხარისხში უნდა ჰქონდეს.
მისივე თქმით, მას მხარდამჭერები ეუბნებიან, რომ რომ ნიკა მელია უკან იხევს, მაგრამ მხოლოდ იმის გამო ამუხრუჭებს, რომ დიდი პროვოკაციებია მოსალოდნელი ხელისუფლებისგან.
„დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, თანამედროვე საქართველოს დამფუძნებელმა მიხეილ სააკაშვილმა, ჩვენდა სამარცხვინოდ გისოსებს უკან იდგა, მადლობა გადაუხადა ყველას, მათ შორის, ნიკა მელიასაც. მიხეილ სააკაშვილი ენდობა ნიკა მელიას და ეს რაღაცას ნიშნავს, მაგრამ მე, რამეთუ არ ვარ სექტანტი, ბრმა მხარდამჭერი და ვარ გაცნობიერებული მხარდამჭერი, მაქვს უფლება ცემი აზრი მქონდეს მათ შორის მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავებით. მე ამ კითხვაზე გიპასუხებთ, რომ პირველი, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, რომ ნიკა მელია გადადგება, ეს ალბათ მოარული ხმებია, მაგრამ ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, როგორც საქართველოში ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას, შიდა დემოკრატიის პროცესების უფრო მეტ ხარისხში არსებობას ვისურვებდი და ამ შემთხვევაში ვისურვებდი, უფრო ეფექტური ლიდერი ჰყოლოდა ნაცმოძრაობას ასეთ ექსტრემალურ სიტუაციაში. თუმცა, მე მელაპარაკებიან ნიკა მელიას მხარდამჭერები და ჩვენ ხომ მტრები არ ვართ, ერთ რამეზე შეგვტკივა გული და ისინი ამბობენ, რომ კი, ნიკა მელია უკან იხევს, მაგრამ მხოლოდ იმის გამო ამუხრუჭებს, რომ დიდი პროვოკაციებია მოსალოდნელი ხელისუფლებისგან, შეიძლება იქ სისხლისღვრა მოხდეს. სისხლისღვრა არავის უხარია, მაგრამ მშვიდობიანი მასობრივი პროტესტის უფლება გვაქვს და სხვა გზა არ არსებობს „ - განაცხადა მაია ორჯონიკიძემ.