30-11-2021
ევროკავშირის სამ პრეზიდენტს ხვდებიან პრემიერ-მინისტრები, ევროკომისიის, ევროპის საბჭოს, ასევე, ევროპარლამენტის პრეზიდენტს და ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს ამ ვიზიტის დიდ მნიშვნელობაზე და იმაზე, თუ რაოდენ მაღალი მოლოდინები არის ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან მიმართებაში, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალისა და მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცას ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც ასოცირებული ტრიოს ფორმატში გაიმართა.
დავით ზალკალიანის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია, განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ამ ფორმატში, პირველად, პრემიერ-მინისტრების დონეზე, ასოცირებული ტრიოს შეხვედრა იმართება და უმაღლეს დონეზე არის მიღება.
„სწორედ ეს შეხვედრა, რომელიც გაიმართა ევროკომისიის პრეზიდენტთან, ასოცირებული სამეულის ფორმატში, იყო ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად გამოყენებული იმისთვის, რომ ჩვენი მოლოდინების შესახებ გვქონოდა საუბარი, რა მოლოდინები გვაქვს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს არის ის, რომ იყოს შესაბამისად ასახული ჩვენი ევროპული არჩევანი და ევროპული მისწრაფება, ასევე ის, რომ მხარდაჭერილი იყოს მთავარი, ფუნდამენტური პრინციპი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა დაკავშირებადობაზე. ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ევროკაშირთან შემდგომი უახლოესი პერსპექტივის ურთიერთობების და ის 5 საფლაგმანო პროექტი, რომელიც არის წარმოდგენილი ევროკავშირის მხრიდან, თუ როგორ შეიძლება მისი პრაქტიკულ განზომილებაში გადაყვანა და კონკრეტული შედეგების მიღწევა. ასევე მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდა ერთიან ევროპულ ბაზარზე წვდომის კუთხით, რომელიც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ჩვენი და ეს საერთო პრიორიტეტია, არა მხოლოდ საქართველოსი, არამედ, ასევე პრიორიტეტია უკრაინისთვის და მოლდოვისთვის. რა თქმა უნდა, გარდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოლოდინებისა, საუბარი იყო ბევრ სხვა ძირითად თემებზე, განსაკუთრებით რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების სიტუაციასთან დაკავშირებით. ძალიან პოზიტიურად აღინიშნა ის როლი, რომელსაც საქართველო ასრულებს, კერძოდ, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გამართული მედიაციის პროცესი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და ასევე, ჩვენი ინიციატივები სამშვიდობო-სამეზობლო ინიციატივის სახელით რომელიც არის ცნობილი და ჩვენი პრემიერ-მინისტრის ინიციატივა გახლდათ და ევროკავშირის მხრიდან ამ ინიციატივას აქვს ძალიან ძლიერი, სერიოზული მხარდაჭერა და მნიშვნელოვანია, რომ მათი ჩართულობაც იყოს უზრუნველყოფილი. ამ თემებზე გვქონდა ჩვენ ძალიან კარგი საუბარი", - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.