გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, ბიუჯეტის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანებისა და დიდი ოდენობით ქონების გადამალვის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

7-12-2021

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანებისა და დიდი ოდენობით ქონების თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტებზე, სამი პირი დააკავეს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი ერთ-ერთი კომპანიის სახელით, 2016-2018 წლებში საგადასახადო ორგანოში წარადგინეს დაზუსტებული დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციები, რომელშიც დააფიქსირეს ყალბი მონაცემები, რითაც შეიქმნეს ფიქტიური აქტივი ჯამში 2 209 207 ლარის ოდენობით, რომელიც შემდგომ გამოიყენეს ბიუჯეტის მიმართ არსებული საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად.


გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, მოსალოდნელი ქონებრივი ვალდებულებისგან თავის არიდების მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიის სახელზე არსებული 3 103 197 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება, თვალთმაქცური გარიგებებისა და ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერის გზით, გადააფორმეს მათივე მართვის ქვეშ მყოფი სხვა კომპანიის სახელზე, რითაც სახელმწიფოს წაერთვა შესაძლებლობა აღნიშნული ქონების რეალიზაციით ამოეღო კომპანიის დავალიანება ბიუჯეტის მიმართ. ამავე დროს, აღნიშნული თვალთმაქცური ოპერაციის შედეგად, გარიგებაში მონაწილე კომპანიამ მიიღო 1 146 101 ლარის ოდენობის დამატებული ღირებულების გადასახადის ე.წ. ფიქტიური ჩათვლა, საიდანაც 399 128 ლარი გამოიყენა საბიუჯეტო გადასახადების დაფარვის მიზნით.


გამოძიების პროცესში, ბიუჯეტზე მიყენებული ზიანის ამოღების უზრუნველსაყოფად, დაყადაღებულ იქნა ბრალდებულების სახელზე რიცხული უძრავი და მოძრავი ქონება, ასევე საბანკო ანგარიშები.


გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილით, 185-ე და 2051 მუხლების მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930