გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს ეროვნული ბანკი IOSCO - ს მუდმივი წევრი გახდა

14-12-2021

საქართველოს ეროვნული ბანკი ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციის (IOSCO) მრავალმხრივი ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმომწერი და IOSCO - ს მუდმივი წევრი გახდა.


IOSCO - ს მუდმივი წევრობა ერთი მხრივ ხელს შეუწყობს ინვესტორების ნდობისა და ინტერესის ზრდას საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის მიმართ - მეორე მხრივ კი, აამაღლებს საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულატორის რეპუტაციას. ამასთან, IOSCO - ს მუდმივი წევრობა გააფართოებს საერთაშორისო ბაზრებთან ინტეგრაციის შესაძლებლობას, ხოლო ეროვნულ ბანკს საშუალებას მისცემს სხვა ქვეყნების რეგულატორებთან ურთიერთთანამშრომლობისა და შესაბამისი ინფორმაციის მიმოცვლის მეშვეობით, კაპიტალის ბაზრის ეფექტიანი ზედამხედველობა უზრუნველყოს.


IOSCO - ს მუდმივი წევრობის მთავარ წინაპირობას კაპიტალის ბაზრის მარეგულირებელი ჩარჩოს საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებსა და IOSCO - ს საყოველთაოდ აღიარებულ რეგულირების პრინციპებთან დაახლოება წარმოადგენს; აღნიშნულიდან გამომდინარე, "ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელი ჩარჩოს პირველი თაობის" რეფორმაზე, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ჩართულობით, აქტიური მუშაობა 2018 წლიდან დაიწყო - მას შემდეგ რაც საქართველოს ეროვნული ბანკი IOSCO - ს ასოცირებული წევრი გახდა:


2016 წელს ამოქმედდა "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის" შესახებ საქართველოს კანონი და შეიქმნა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური. კანონმა საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ფინანსური ანგარიშგების გამჭვირვალობის სტანდარტებს, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტებისა და პოტენციური ინვესტორებისთვის ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად.


2018-2021 წლებში ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარების დონისა და მასშტაბის გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად დაიხვეწა ფასიანი ქაღალდების ემისიის, შუამავლებისა და ბაზრის ინფრასტრუქტურის მარეგულირებელი და საზედამხედველო ჩარჩო;


2020 წელს, ძალაში შევიდა კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ორი საკანონმდებლო აქტი, რომლებიც სრულად პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს:


"ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს განახლებული კანონი და კანონქვემდებარე მარეგულირებელი აქტები, რომლებიც ფარავს ფასიანი ქაღალდების ემიტენტების გამჭვირვალობის, ინსაიდერული ვაჭრობასა და ბაზრის მანიპულაციასთან დაკავშირებულ საკითხების;


"საინვესტიციო ფონდების შესახებ" საქართველოს კანონი და მარეგულირებელი აქტები, რომლებიც აწესრიგებს საქართველოში საინვესტიციო ფონდების და აქტივების მმართველი კომპანიების დაარსების, მართვისა და საქმიანობის პრინციპებს.


ამავე რეფორმის ფარგლებში, საზედამხედველო წნეხისგან გათავისუფლდა 90-იან წლებში პრივატიზებული არაერთი საწარმო და, IOSCO - ს სტანდარტებთან შესაბამისობით, მნიშვნელოვნად დაიხვეწა საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც კაპიტალის ბაზრის საზედამხედველო ორგანოს უფლებები და მოვალეობები. ამასთან, ფასიანი ქაღალდების ბაზრის ცალკეული სექტორების განვითარების ხელშეწყობის მიზნით (მ.შ. სეკურიტიზაციის და უზრუნველყოფილი ობლიგაციების ჩარჩო), კანონმდებლობის დახვეწის პროცესი სამომავლოდაც გაგრძელდება.


ეროვნული ბანკის IOSCO - ს მუდმივ წევრად მიღება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ფაქტს, რომ განხორციელებული "პირველი თაობის" რეფორმის შედეგად, საქართველოში კაპიტალის ბაზრის მარეგულირებელი ჩარჩო საერთაშორისო სტანდარტებს გაუთანაბრდა, რაც ბაზრის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან, თუმცა არასაკმარის წინაპირობას წარმოადგენს.


უნდა აღინიშნოს, რომ კაპიტალის ბაზრის განვითარება, განსაკუთრებით მცირე ზომის ქვეყნებისთვის, საკმაოდ კომპლექსური პროცესია და საჭიროებს ეფექტიან კოორდინაციას როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930