15-12-2021
25 წლამდე ასაკის პირებს აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობა აეკრძალებათ, ეს აკრძალვა არ შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. ასევე, შეიქმნება დამოკიდებულ და აკრძალულ პირთა სიები მოთმაშის ან მისი ოჯახის წევრის მოთხოვნის საფუძველზე. ამ შეზღუდვებს ითვალისწინებს კანონპროექტი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", რომელიც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა დღეს გამართულ სხდომაზე.
კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის თქმით, კანონის მიღება შეზღუდავს ონლაინ ტოტალიზატორების და ონლაინ კაზინოების ოპერირებას და შემცირდება აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მოთამაშეთა ჩართულობის და სოციალური ფონის გაუარესების რისკები. რადგან ლუდომანია არის ერთ-ერთი დიდი გამოწვევა, რაც დღეს ჩვენი საზოგადოების წინაშე დგას.
კომიტეტის სხდომაზე საკითხის განხილვიაში მონაწილეობდნენ მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ონლაინ სათამაშო ბიზნესის ასოციაციის, ტელემაუწყებლების, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელები.
„ამ კანონპროექტის შემუშავების მამოტივირებელი არ არის ეკონომიკური მიზანი, მისი შემუშავების მოტივი არის უფრო პოლიტიკური, იმიტომ, რომ ლუდომანიის პრობლემა, რომელსაც განიცდის საზოგადოება, არის უფრო დიდი გამოწვევა, ვიდრე ის სარგებელი, რაც სპორტის დაფინასების თუ დასაქმების ნაწილში მოაქვს ამ სფეროს. ეს არის ჩვენი მიდგომის პრინციპი. სახელმწიფო იმიტომაა სახელმწიფო, რომ მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილებები საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე" - განაცხადა დავით სონღულაშვილმა საკითხის განხილვისას.
შესაბამისი ცვლილებები შედის კანონებში: „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში", „სახელმწიფო ბაჟის შესახებ" კანონში", „რეკლამის შესახებ" კანონში, „მაუწყებლობის შესახებ" კანონში, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში", „საქართველოს საგადასახადო კოდექსში" და „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ" კანონში.
კომიტეტმა საკანონმდებლო პაკეტს მხარი დაუჭირა და მას პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განიხილავს.