გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მე-20 კადრირებული ბრიგადის 202-ე და 204-ე ბატალიონების რეზერვისტების სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი დაესწრო

15-12-2021

საქართვლოს ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის 202-ე და 204-ე ქვეითი კადრირებული ბატალიონების ტერიტორიულ რეზერვში წელს 123 სამხედრო მოსამსახურე ჩაირიცხა. მე-20 კადრირებული ბრიგადის 204-ე ბატალიონი პირველად ჩამოყალიბდა და ქვემო ქართლის რეგიონის რეზერვისტებით დაკომპლექტდა. აღსანიშნავია, რომ ბატალიონის რეზერვისტთა პირად შემადგენლობაში ერთი ოჯახის სამი წევრი - დედა, მამა და შვილი მსახურობს.


რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი „პალდოს“ საწვრთნელ ბაზაზე დადეს. ფიცის დადებამდე, რეზერვისტებმა ერთკვირიანი საბრძოლო მომზადების კურსი სამედიცინო დახმარებაში, ტაქტიკურ, სამწყობრო და საცეცხლე მომზადებაში გაიარეს.


პირად შემადგენლობას სამხედრო ფიცის მიღება ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ მიულოცა. ფიცის მიღების ცერემონიალს, ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებთან ერთად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი დაესწრო.


რეზერვისტების დისლოკაციის ადგილი მხარდამჭერი ცენტრი „კრწანისი“ იქნება. წლის განმავლობაში რეზერვისტების ინტენსიური საბრძოლო მომზადება მოიცავს 45 დღემდე პერიოდს, რომელიც თანაბრად განაწილდება 12 თვეზე. აღნიშნული მომზადების კურსის მთავარი ამოცანა რეზერვისტისთვის ქვედანაყოფის საველე შეკრებებზე რეალური საბრძოლო უნარების შესწავლაა. ტერიტორიული რეზერვის გავლის პერიოდში მოქალაქეები ისარგებლებენ სამედიცინო მომსახურებით, ასევე უზრუნველყოფილნი იქნებიან სოციალური და სამართლებრივი დაცვით. რაც შეეხებათ სტუდენტებს, სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის შემდეგ სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილად ჩაეთვლებათ.


რეზერვში მიღება ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადია. ტერიტორიულ რეზერვში მიიღებიან თბილისის, მცხეთის, კახეთის, იმერეთის, სამეგრელოს, აჭარის, გურიისა და ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირები 18 - დან 51 წლის ჩათვლით, მათ შორის სტუდენტები, 18-დან 22 წლის ჩათვლით. ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმდებათ. მათი ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20% შეადგენს, ხოლო ქვედანაყოფში ყოფნისას ისინი ხელფასს სრულად აიღებენ. რეზერვში ჩარიცხული რეზერვისტის მინიმალური წლიური ანაზღაურება 2700 ლარს შეადგენს.


„საქართვლოს ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის 204-ე ბატალიონი პირველად ჩამოყალიბდა და ქვემო ქართლის რეგიონის რეზერვისტებით დაკომპლექტდა. მოხარული ვარ, რომ 204-ე ბატალიონის რეზერვისტებში 5 ბოლნისელია, მათ შორის კი ერთი გოგონაა. რეზერვისტებს ვულოცავ ფიცის მიღებას და მადლობას ვუხდი ჩვენი ქვეყანის სამსახურისთვის. აქტიური რეზერვის პროგრამა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან ის სამოქალაქო პირებს საშუალებას აძლევს სამხედრო გადამზადება და ცოდნა მიიღონ, ამ პროგრამით სარგებლობა სტუდენტებსაც შეუძლიათ, სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის შემდეგ კი მათ სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილად ჩაეთვლებათ. ჩვენს მოქალაქეებს მოვუწოდებ აქტიურად ჩაერთონ ამ პროგრამაში, გახდნენ რეზერვისტები და ემსახურონ საქართველოს“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930