გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოში HorizonEurope-ის ეროვნული ოფისი დაფუძნდა

17-12-2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმამიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამა HorizonEurope-ის ეროვნული ოფისის დაფუძნების ღონისძიება გახსნა.


HorizonEurope-ის ეროვნული ოფისის მისია იქნება ევროკავშირსა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კვლევით ინსტიტუტებს შორის მედიაციისა და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა.


7 დეკემბერს ბრიუსელში საზეიმოდ მოეწერა ხელი ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ ჩარჩო პროგრამა HorizonEurope-ში საქართველოს ასოცირების საერთაშორისო შეთანხმებას. ამ შეთანხმების საფუძველზე HorizonEurope-ის პროგრამის კონკურსებში საქართველოს წარმომადგენლები ისარგებლებენ ზუსტად ისეთივე პირობებითა და უფლებებით, როგორითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები სარგებლობენ. ქართველ მეცნიერებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ 95.5 მილიარდი ევროს ბიუჯეტის მქონე კვლევისა და ინოვაციის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში.


საქართველოს უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს შეეძლებათ, უხელმძღვანელონ მსხვილ საერთაშორისო სამეცნიერო კონსორციუმებს, ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობით შეიმუშაონ და განახორციელონ საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები, რაც მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის ზრდას შეუწყობს ხელს. ამ პროცესში HorizonEurope-ის ეროვნული ოფისი უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს.


HorizonEurope-ის პროგრამაში საქართველოს ასოცირება ახალი შესაძლებლობების კარს უხსნის ქართველ მეცნიერებს, ინოვატორებს, უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებს.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად მუშაობს HorizonEurope-ის საგრანტო კონკურსებში საქართველოს უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების წარმატების მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად. ამ მიმართულებით არაერთი ნაბიჯი უკვე გადაიდგა – დაწყებულია საუნივერსიტეტო სამეცნიერო საგრანტო ოფისების ქსელის შექმნა, რომელიც ეტაპობრივად ყველა უნივერსიტეტს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ საჯარო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩვენ უკვე მოვაწყვეთ საგრანტო ოფისები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ქუთაისის აკაკი წერეთლის, ბათუმის, სამცხე-ჯავახეთის, ზუგდიდისა და თელავის უნივერსიტეტებში. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და სოხუმის უნივერსიტეტში საგრანტო ოფისები უკვე გაიხსნა. გარდა ამისა, განახლდა და გაძლიერდა HorizonEurope-ის ადგილობრივი საკონტაქტო პირების ქსელი მიმართულებების მიხედვით.


HorizonEurope-ის საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისების ფუნქცია იქნება არა მხოლოდ ინფორმაციის გავრცელება ევროკავშირის კონკურსების შესახებ, არამედ ქართველ მკვლევართა ჯგუფების დახმარება კონკურენტუნარიანი საპროექტო განაცხადების მომზადებასა და შემდგომში მის მართვაში.


აღსანიშნავია, რომ HorizonEurope-ის პრიორიტეტს სიმსივნურ დაავადებებთან ბრძოლის მიმართულების პროექტების დაფინანსება წარმოადგენს, რასაც ზუსტად ეხმიანებაქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისადრონული თერაპიის ცენტრის საკვლევი თემატიკა.შესაბამისად, ცენტრისაქართველოში მეცნიერების განვითარების კუთხით უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე. ადრონული თერაპიის ცენტრისთვის კი ფონდმა „ქართუმ“ 40 მილიონამდე ევრო გამოყო.


ცენტრში განთავსდება ორი ციკლოტრონი, რომელთა დამზადება მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში (IBA) მიმდინარეობს. ერთი ციკლოტრონი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას, მეორე კი განკუთვნილი იქნება სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში. არაერთმა ცნობილმა უცხოელმა მეცნიერმა უკვე გამოთქვა სურვილი, ქართველ კოლეგებთან ერთად ჩაერთოს კვლევით პროცესში. ადრონულითერაპიის ცენტრის ბაზაზე უცხოეთის კვლევითი დაწესებულებების ჩართულობით HorizonEurope-ის დაფინანსებული არაერთი პროექტი განხორციელდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930