გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველომ ძალისხმევა არ დააკლო ევროკავშირთან პოლიტიკური, ეკონომიკური თუ დარგობრივი ინტეგრაციის გზაზე წინსვლას

22-12-2021

ევროინტეგრაციის კუთხით უაღრესად მნიშვნელოვანი იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტი, სადაც შემუშავდა ახალი ამბიციური დღის წესრიგი, დაისახა მოკლე და საშუალოვადიანი მიზნები, წარმოდგენილ იქნა ევროკავშირის ახალი რეგიონული საინვესტიციო გეგმა მათ განსახორციელებლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების - ელჩების კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ონლაინ-რეჟიმში გაიმართა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, ასევე მნიშვნელოვანი იყო ასოცირებული ტრიოს დაფუძნება წელს და სხვა წევრებთან ერთად საქართველომ ძალისხმევა არ დააკლო ევროკავშირთან პოლიტიკური, ეკონომიკური თუ დარგობრივი ინტეგრაციის გზაზე წინსვლას და ახალი საშუალებების გამოვლენას.


„ჩვენი ქვეყნების საერთო მიზანია ევროკავშირში გაწევრიანება. დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანი ძალისხმევით არსებული გეგმების ხორცშესხმას უახლოეს მომავალში შევძლებთ. ბუნებრივია, გამოწვევები ძალიან ბევრია, მაგრამ ამ გამოწვევებს ყველანი ერთად ჩვენი თანმიმდევრული, გონივრული პოლიტიკით აუცილებლად დავძლევთ და მივაღწევთ ჩვენს საერთო მიზანს", - განაცხადა პრემიერმა.


ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა ნატოსთან თანამშრომლობასა და გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან გამართულ შეხვედრაზე.


„ბატონ მინისტრთან ერთად მე ახლახან მქონდა შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან. ბუნებრივია, ჩვენ გვაინტერესებდა, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, მათგან კიდევ ერთხელ მიგვეღო დადასტურება და დავრწმუნებულიყავით, რომ მათი პოზიცია არის ურყევი, ისევე, როგორც ჩვენი პოზიცია არის ურყევი და უცვლელი, რომ საქართველოს მთავრობისა და რაც მთავარია, ქართველი ხალხის ურყევი ნებაა, რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა. ეს არის ჩვენი მთავარი დიდი იდეა და ამოცანა. ამ მიმართულებით ჩვენ ვაგრძელებთ ნატოსთან პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმების სრული სპექტრის ეფექტურ გამოყენებას. წინა წლების მიღწევებზე დაყრდნობით, განვაახლეთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი. დღეს იგი უფრო დინამიურია, მორგებულია ჩვენს საერთო ეროვნულ პრიორიტეტებზე, ამოცანებზე, საჭიროებებზე და უსაფრთხოების საერთო მიზნებზე. ამასთან, ალიანსი უპრეცენდენტო ყურადღებას აქცევს შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებას, რაც უდავოდ გულისხმობს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და მთელი რეგიონის უსაფრთხოების გამყარებას და განმტკიცებას. განსაკუთრებით აღვნიშნავ საქართველოს წვლილს ნატო-სა და ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ ოპერაციებში. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი სამხედროებით, ჩვენი ჯარისკაცებით, ვამაყობთ იმ საერთაშორისო აღიარებით, რაც აშშ-სა და მოკავშირეთა ძალების მიერ ავღანეთში განხორციელებული უპრეცედენტო, ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი გადაყვანის სატრანზიტო და საევაკუაციო მხარდაჭერისთვის დავიმსახურეთ. აქ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნის როლი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის ვიზიტის მნიშვნელობას, რომელიც რამდენიმე თვის წინ შედგა და ის თანამშრომლობის ახალი ეტაპის დასაწყისად შეაფასა.


„ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის გაფორმდა ახალი მემორანდუმი - საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა (Georgia Defense and Deterrence Enhancement Initiative). დოკუმენტი თანამშრომლობის შემდგომ ეტაპებსა და პროგრამებს განსაზღვრავს. ეს მნიშვნელოვანი ფორმატი მხარს უჭერს საქართველოს თავდაცვის ძალებისა და უსაფრთხოების სისტემის განვითარებას უახლოეს მომავალში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თვისობრივად ახალ საფეხურზე გადავიდა", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930