23-12-2021
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორთან საქართველოში პიტერ ვიბლერთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ერთობლივად განხორციელებული პროექტები შეაჯამეს და 2022 წლის გეგმებზე ისაუბრეს.
„მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა პიტერ ვიბლერს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და საქართველოს ზოგადი განათლების რეფორმის მხარდაჭერისთვის, რომელიც მთლიანად მოსწავლის საჭიროებებზე არის ორიენტირებული. მინისტრმა ხაზი გაუსვა, ამერიკის, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, თანადგომის მნიშვნელობას ქვეყანაში საგანმანათლებლო სფეროს განვითარებისთვის.
მიხეილ ჩხენკელმა USAID საქართველოს მხრიდან პროფესიული განათლების განვითარებაში შეტანილ წვლილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი ხუთწლიანი პროგრამა „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ კერძო და საჯარო პარტნიორობას კიდევ უფრო გააღრმავებს და პროფესიული უნარების სააგენტოს მნიშვნელოვნად გააძლიერებს.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება სისტემის ინტერნაციონალიზაციაზე. მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, პროფესიული განათლების სასწავლო პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან უცხოელი მასწავლებლები, რაც საერთაშორისო სტანდარტით სწავლებას შეუწყობს ხელს.
მიხეილ ჩხენკელმა ასევე აღნიშნა, რომ პროფესიული უნარების სააგენტოს პოლიტიკა და მომდევნო წლიდან დაგეგმილი პროექტები სრულ თანხვედრაშია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს ინიციატივასთან, რომელიც სოციალური კეთილდღეობის სისტემის რეფორმის განხორციელებას გულისხმობს.
თავის მხრივ, USAID საქართველოს მისიის დირექტორმა დადებითად შეაფასა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გატარებული ღონისძიებები და აღნიშნა, რომ პროფესიული უნარების სააგენტოს დაფუძნება არის მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯი. მისი თქმით, კერძო სექტორთან თანამშრომლობის გაძლიერება და მათი ჩართვა პროფესიული განათლების პოლიტიკის შექმნისა და დანერგვის პროცესში უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
განათლების სამინისტროს ინფორმაციითვე, შეხვედრაზე პიტერ ვიბლერმა საქართველოს სკოლებში სამოქალაქო განათლების კომპონენტის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ამ მიმართულებით მხარდაჭერის ახალ კონცეფციაზე მუშაობს, რომელსაც სამინისტროს უახლოეს მომავალში წარუდგენს.
„მხარეებმა მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის ვაქცინაციაზეც ისაუბრეს. მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი ძალისხმევისა და თანმიმდევრული ღონისძიებების შედეგად უმოკლეს დროში ვაქცინირებულ მასწავლებელთა რიცხვი 9%-დან 70%-მდე გაიზარდა.
სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, USAID-ის დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორი ლია კაპლანი და განათლების გუნდის ლიდერი ნინო უძილაური“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
16-11-2024
16-11-2024