30-12-2021
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა გასულ წელს შესრულებული სამუშაოს ანგარიში. ამ გამოცემაში ჩატარებულ საქმიანობასთან ერთად საგნობრივი ჯგუფების ხელმძღვანელები მკითხველებს დეტალურად აცნობენ, თუ როგორია ამა თუ იმ საგნის ტესტის შექმნის სპეციფიკა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები ანგარიშში მკითხველებს ასევე მოუთხრობენ საგამოცდო სამზადისის სხვადასხვა ეტაპისა და წლის ყველაზე დასამახსოვრებელი მოვლენების შესახებ.
2021 წელს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა შემდეგი გამოცდები და ტესტირებები ჩაატარა:
პანდემიისა და გამოსაცდელების ინტერესების გათვალისწინებით, მიმდინარე წელს ცენტრმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო - იმ პირებისათვის, რომლებმაც კოვიდ 19-ის დადასტურებული დიაგნოზის გამო საგამოცდო ცენტრებში გამოცხადება ვერ შეძლეს, გამოცდა დამატებით ჩატარდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დროის მცირე მონაკვეთში შეძლო საგამოცდო პროცესის ორჯერ დაგეგმვა და წარმატებით ჩატარება. დამატებითი სესიები ძირითადი სესიების დასრულების შემდეგ 600-ზე მეტი მონაწილისათვის დაინიშნა. მათ შორის იყო 170-ზე მეტი მასწავლებელი და მასწავლებლობის მსურველი, 200-ზე მეტი აბიტურიენტი, 190-მდე საერთო სამაგისტრო გამოცდების მონაწილე და 60-მდე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის დარეგისტრირებული პირი. ცენტრმა დამატებით სესიაზე გამოსაცდელები ინფიცირებიდან არანაკლებ 14 დღის გასვლის შემდეგ დაუშვა. კონკრეტული საგამოცდო სესიის მონაწილეთა განსაზღვრა ხდებოდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. საგნობრივმა ჯგუფებმა საგანგებოდ დამატებითი სესიებისთვის შექმნეს ტესტების განსხვავებული ვარიანტები.
ცენტრს არც 2021 წელს შეუწყვეტია აქტიური მუშაობა პროექტზე „შეფასება განვითარებისათვის“. მოეწყო საცდელი ტესტირების კიდევ ერთი ეტაპი. მნიშვნელოვანი წელი იყო საერთაშორისო კვლევების მიმართულებითაც - შეფასების საერთაშორისო პროგრამის PISA 2022-ის ციკლისათვის ცენტრმა ადმინისტრირება გაუწია მოსწავლეთა საპილოტე ტესტირებას საქართველოში.
აღსანიშნავია, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ონლაინ ღია კარის დღეებს მთელი საქართველოს მასშტაბით ატარებდა - შეხვედრის მონაწილენი დაყოფილნი იყვნენ რეგიონების მიხედვით. ცენტრმა „ტელესკოლასთან“ ერთად სპეციალური გადაცემათა ციკლიც მოამზადა, რომლის ფარგლებშიც საგნობრივი ჯგუფების წარმომადგენლები საუბრობდნენ აბიტურიენტებისათვის მნიშვნელოვან თემებზე.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2021 წლის საქმიანობას წარმატებულად აფასებს ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე:
,,2021 წელი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისათვის უპრეცედენტო გამოწვევების წელია, საგამოცდო პროცესი კი ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა ცენტრის არსებობის ისტორიაში. გამოცდების სამზადისში ჩართული ათასობით პირის მომზადება, ჯანდაცვის უწყებათა რეკომენდაციების ზედმიწევნით გათვალისწინება, 85 ათასამდე გამოსაცდელისათვის უსაფრთხო და მოწესრიგებული გარემოს შექმნა, თითოეული მათგანის ინტერესზე ზრუნვა და ფორსმაჟორულ სიტუაციაში ადამიანური და ტექნიკური რესურსის ხელახალი მობილიზება - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ საქმიანობებისა, რომლებსაც მთელი წლის განმავლობაში თავდაუზოგავი შრომის ფასად ასრულებდნენ ცენტრის თანამშრომლები. დღეს, როცა ცენტრის 2021 წლის საქმიანობის შედეგებს ვაჯამებთ, კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა ის ფაქტი, რომ წარმატებას განსაზღვრავს არა სირთულეების, გამოწვევების რაოდენობა და ხარისხი, არამედ გუნდური მუშაობა, პროფესიონალიზმი, საქმის კეთილსინდისიერად შესრულების სურვილი და უნარი. უდიდეს მადლობას ვუხდი ყველა ჩართულ მხარეს და ცენტრის თითოეულ თანამშრომელს ამისთვის.“
შეფასებისა და გამოცდების 2021 წლის ანგარიშის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: https://www.naec.ge/uploads/postData/20-22/%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%20%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%98%20-%202021.pdf
16-11-2024
16-11-2024