25-01-2022
პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, გუბაზ სანიკიძის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი საქართველოში თავისი ინტერესების გასატარებლად მიხეილ სააკაშვილზე უკეთესს ვერავის მოძებნის.
გუბაზ სანიკიძე ამ განცხადებით 2012 წლის აგვისტოში რუსეთის პრეზიდენტის იმ აღიარებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, საქართველოსთან ომისთვის რუსეთი ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ ემზადებოდა, ხოლო 2006 წელს ამ გეგმას პუტინმა ხელი ოფიციალურად მოაწერა.
საინფორმაციო - შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან, რომელიც სანიკიძემ გაზეთ "ალიასთან" გააკეთა:
"სააკაშვილზე უკეთესს პუტინი ვის მოძებნის საქართველოში? რაც უნდოდა ყველაფერი გააკეთებინა და კიდევ გააკეთებინებს.
ეს კაცი (მიხეილ სააკაშვილი რედ.) ყოველდღე შეურაცხყოფას გვაყენებს, თურმე ომის დროს ფოთში ჩაფრენილა და ღრუბელ - ღრუბელ იმალებოდა.
ისეთი ჩამორჩენილია თავისი ცნობიერებით, ისიც კი არ იცის, რომ თანამედროვე სამხედრო ავიაციას ღრუბელი ხელს ვერ შეუშლის, მაგრამ შეურაცხყოფას გვაყენებს ეგ კაცი.
ფოთში სააკაშვილი ძეხორციელს არ უნახავს. პუტინის განცხადებები კი პირდაპირ ასხამს წყალს სააკაშვილის წისქვილზე. ფაქტობრივად, მან აღიარა ის, რასაც მალავდა. ყველამ ვიცოდით, რომ რუსეთი ომისთვის ემზადებოდა, მაშინ სად ეგდო ვანო მერაბიშვილი?" - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
P.S. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო NEWSPRESS.GE - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით
P.P.S. მასალის გამოყენების შემთხვევაში წყაროს მითითება აუცილებელია!!!