გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რომეო მიქაუტაძემ ბაქოში გამართულ „სამხრეთის გაზის კორიდორის" მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალში მონაწილეობა მიიღო

5-02-2022

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო „სამხრეთის გაზის კორიდორის" მრჩეველთა საბჭოს მე-8 მინისტერიალში, ასევე გამართა ორმხრივი შეხვედრები აზერბაიჯანისა და სხვა ქვეყნების ენერგოკომპანიების წარმომადგენლებთან.


„სამხრეთის გაზის კორიდორის" მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა „სამხრეთის გაზის კორიდორის" მნიშვნელობაზე როგორც რეგიონის, ასევე იმ ქვეყნების ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, რომლებიც აღნიშნული დერეფნის მეშვეობით ბუნებრივ აირს იღებენ ან სამომავლოდ შეძლებენ მიღებას. რომეო მიქაუტაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ „სამხრეთ გაზის კორიდორის" მნიშვნელობა დღეს ფართოდ არის აღიარებული, განსაკუთრებით ბოლო დროს განვითარებული მოვლენების რაკურსში, როდესაც ევროპული ბაზრის მოთამაშეები აქტიურად ეძებენ გაზის იმპორტის დივერსიფიცირებულ ვარიანტებს.


მინისტრის მოადგილის განცხადებით, საერთაშორისო ვაჭრობისა და ენერგეტიკული ტრანზიტის თვალსაზრისით, საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორი და მოკავშირეა, რომელიც მომხმარებელთა და მიმწოდებელი სახელმწიფოების ინტერესების გადაკვეთის არეალში მდებარეობს. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ერთგულია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების, რომელიც ეხება ევროპულ წესებთან და სტანდარტებთან ჰარმონიზებას. მინისტრის მოადგილემ გამოხატა მხარდაჭერა იმ ინიციატივების მიმართ, რომლებიც მიზნად ისახავს „სამხრეთის გზის კორიდორის" შემდგომ განვითარებას.


„სამხრეთის გაზის კორიდორის" მრჩეველთა საბჭოს მე-8 მინისტერიალი ოფიციალურად გახსნეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონმა. მინისტერიალში, საქართველოს გარდა, მონაწილეობდნენ აშშ - ის, თურქეთის, იტალიის, თურქმენეთის, საბერძნეთის, ბულგარეთის, ალბანეთის, სერბიის, რუმინეთის, უკრაინის, მოლდოვას, ჩრდილოეთ მაკედონიის, მონტენეგროს, ხორვატიის, ბოსნია - ჰერცეგოვინას დელეგაციები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930