გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 6 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

16-02-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 6 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს.


სამართალდარღვევებიდან 1 ფაქტი გამოვლენილია დედაქალაქში, 2 - იმერეთში, 1 - კახეთში, 1 - სამეგრელოში, 1 კი, შიდა ქართლში.წყალტუბოსა და საჩხერის მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებს ლენტური ტიპის სახერხი დანადგარები საკარმიდამო ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი.


ლენტური ტიპის უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს ახმეტის მუნიციპალიტეტშიც, მოქალაქის საკარმიდამო ეზოში. მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო წიფლის სახეობის 19 ერთეული მორი და 1 კუბური მეტრი მოცულობის ფიცარი. 


ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ლენტური ტიპის სახერხი საამქრო მოქალაქეს საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა მოწყობილი. ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო თხმელას (მურყანი) სახეობის 80 ერთეული მორი და 0,46 კუბური ფიცარი.


ლენტური ტიპის უკანონო სახერხი დანადგარი ჰქონდა განთავსებული მოქალაქეს  ქარელის მუნიციპალიტეტშიც. სახერხ საამქროში გამოვლენილია ერთი ერთეული სალესი მოწყობილობაც. გარდა ამისა, ტერიტორიაზე განთავსებული იყო 27 ერთეული წიწვოვანი სახეობის დაუფირნიშებელი მორი, 1 ერთეული ნახევრადგადამუშავებული მორი და 0,6 კუბური მეტრი მოცულობის ძელაკი და ფიცარი.


რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში, სოფელ გლდანში, მოქალაქეს, ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი საცხოვრებელ ეზოში ჰქონდა დამონტაჟებული.


ვინაიდან ექვსივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930