14-06-2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მამუკა ბახტაძე თავისი განათლებითა და გამოცდილებით გამორჩეულია.
მისივე თქმით, მამუკა ბახტაძის ინიციატივები ქვეყნის წინსვლას დააჩქარებს.
ამის შესახებ კობახიძემ პრემიერის პოსტზე მამუკა ბახტაძის კანდიდატურის წარდგენის შემდეგ საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
„იყო კონკრეტული კრიტერიუმების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება. მამუკა ბახტაძე არის გამორჩეული როგორც თავისი განათლებით, ასევე მრავალმხრივი გამოცდილებით. მას აქვს მართვის სერიოზული გამოცდილება. ის არის სერიოზული ექსპერტი განსაკუთრებით ეკონომიკის მიმართულებით. მას აქვს უნარი, რომ ქვეყანა მართოს. დარწმუნებული ვარ, რომ ის დიდი წარმატებით უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის წინსვლას.
მამუკა ბახტაძე ამ დრომდე გამოდიოდა ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივებით და მე დაწრმუნებული ვარ, როდესაც ის წარდგება პარლამენტის წინაშე სამთავრობო პროგრამით, ამ პროგრამაში ასახული იქნება ახალი ინიციატივები, რომლებიც დააჩქარებს ჩვენი ქვეყნის წინსვლას“- განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, მმართველი გუნდის დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი მხოლოდ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე იყო და სამთავრობო გუნდის შესახებ განხილვა არ მომხდარა.
„სამთავრობო გუნდის დაკომპლექტება პრემიერის კანდიდატის მოვალეობაა. შესაბამისად, ჩვენ უნდა დაველოდოთ იმ მომენტს, როდესაც პრეზიდნეტის მხრიდან ოფიციალურად დასახელდება ბახტაძე კანდიდატად, ამის შემდეგ მას ექნება დრო, წარმოადგინოს სამთავრობო გუნდი.
დღეს იყო საუბარი მხოლოდ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე “- განაცხადა კობახიძემ.