16-06-2018
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, შემაშფოთებელი და ამაზრზენია განცხადებებში პოლიტიკოსების შვილების, ოჯახის წევრის ირიბი თუ პირდაპირი ლანძღვა და მათ მიმართ ცილისმწამებლური თუ სხვა იაფფასიანი ტყუილების ტირაჟირება.
„ბოლო პერიოდში (ვფიქრობ ხელოვნურად) ორკესტრირებულად გახშირდა რადიკალური ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა მხრიდან კონკრეტული ადამიანების მიმართ , ქართული საზოგადოებისათვის და მენტალობისათვის მიუღებელი , შეუფერებელი და შეურაცმყოფელი გამონათქვამები - რაც ბუნებრივია თავისი არსით პროვოკაციაა.
კიდევ უფრო შემაშფოთებელი და ამაზრზენი ამ განცხადებებში პოლიტიკოსების შვილების, ოჯახის წევრის ირიბი თუ პირდაპირი ლანძღვა და მათ მიმართ ცილისმწამებლური თუ სხვა იაფფასიანი ტყუილების ტირაჟირება.
ეს ყველაფერი განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ ფონზე, როდესაც მოზარდებს შორის აგრესიული დაპირისპირებების კასკადმა და გამომდინარე ტრაგიკულმა შედეგებმა, და ამ მოვლენით საზოგადოების შეშფოთებამ სამართლიანად გადააჭარბა სხვა ნებისმიერ სოციალურ პრობლემას.
მე მინდა კითხვა დავუსვა ამ პასკვილური განცხადებების ავტორებს ,არიან კი ისინი მზად აიღონ პასუხისმგებლობა იმ შესაძლო სავალალო შედეგებზე , რაც შეიძლება მოჰყვეს თუნდაც თანატოლების მიერ ზემოდხსენებული ახალგაზრდა ადამიანების, პოლიტიკოსების შვილების, ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ აგრესიულ ქმედებებს?!
პატივცემულო ოპონენტებო, პოლიტიკური მიზნის მისაღწევად ყველაფრის კადრება არ შეიძლება! გვახსოვდეს, რომ არსებობს ამ ქვეყნად გაცილებით მეტი ღირებულებები, მიზნები და ამოცანები, ვიდრე სურვილი ძალაუფლების ხელში ჩაგდებაა!“-აცხადებს ოდიშარია.