19-06-2018
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე ოპოზიციური პარტიის დეპუტატის ნიკა მელიას რუსთაველის გამზირზე სამინისტროს მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ კითხვას უპასუხა.
მისი თქმით, ნიკა მელია წესრიგს უხეშად არღვევდა.
„პირველ რიგში, თითოეულ იმ პოლიციელს, რომელიც მონაწილეობას იღებდა იმ დღეებში რუსთაველზე, მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო, იმიტომ რომ ამ ხალხმა, ზოგიერთი, ყველა არა, მაგრამ ზოგიერთი პოლიტიკურად ანგაჟირებული მომიტინგისგან, მოისმინა და მოითმინა უდიდესი შეურაცხყოფა.
ახლა რაც შეეხება თქვენს კონკრეტულ შემთხვევას: თქვენ, ბატონო ნიკა, უხეშად არღვევდით წესრიგს, აყენებდით შეურაცხყოფას პოლიციას და თქვენ მიგიძღვით ბრალი იმაში, რომ შეურაცხყოფას აყენებდით პოლიციას. მოთხოვნებს არ ემორჩილებოდით.
უფრო მეტიც, თქვენი განრიდება იყო საზოგადოებრივი წესრიგის ინტერესებიდან გაკეთებული და დღეს თქვენ აქ ხართ, დღეს თქვენ არ ხართ დაკავებული. თქვენ უბრალოდ სპეკულირებთ იმ იმუნიტეტით, რომელიც გაქვთ და კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ მსგავსი შემთხვევის გამეორების პირობებში, იგივე შედეგი იქნება, გარწმუნებთ.
რაც შეეხება საკითხს ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან მიმართებაში: თქვენ საერთოდ რაზე ლაპარაკობთ, წარმოდგენაც არ გაქვთ. კითხვას რომ სვამთ, შეისწავლეთ მაინც. 4 დეკემბერს ეს იყო ის მტკიცებულებები, რაც იყო იმ მომენტისთვის. სწორედ იმიტომ, რომ ეს არასრულწლოვნების საქმეა, დრო იყო შეზღუდული, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოყო 2 საქმე და დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად განაცხადა, რომ სასამართლოზე გამოვლენილი ახალი გარემოებების გამო გამოძიება გრძელდება და გამოძიება შეიძლება განვითარდეს საერთოდ ყველა მიმართულებით“ - განაცხადა გირგი გახარიამ.