1-04-2022
ჩვენ გვახსოვს მათი „თამამი ნაბიჯები“, რამაც შედეგად მოგვიტანა ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია. ეს იყო მათი „სითამამის“ შედეგი. ამ „სითამამესთან“ ერთად, ჩვენ გვახსოვს ისინი გაქცეულები წითელი ხიდიდან. მათმა „სითამამემ და სიმხდალემ“ , რომელიც იყო გაერთიანებული იმ რამდენიმე დღეში, ქვეყანას უდიდესი ზიანი მოუტანა. ისინი არიან საუკეთესო მასწავლებლები „სითამამის და სიმხდალის“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „დღის თემა“.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ხელისუფლებამ გამოცდილებით დაადასტურა ის, რომ შეუძლია ეფექტიანი საგარეო პოლიტიკის წარმოება, „ნაცმოძრაობამ“ კი გამოცდილებით დადასტურა, რომ მათი პოლიტიკის შედეგები იყო სრული კატასტროფა ქვეყნისთვის.
„მათ უნდა გვაცალონ საგარეო პოლიტიკის წარმოება. იმ პოლიტიკის წარმოება, რომელიც ხორციელდება 9 წელიწადზე მეტია საქართველოში და რომელმაც შედეგად მოგვცა ის, რომ დამატებითი წინსვლა რუსეთს საქართველოში არ ჰქონია.
2012 წლამდე წინსვლა იყო სერიოზული, ტერიტორიების კუთხით, სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტების დაუფლების კუთხით და ა.შ. ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით. 2004-დან 2012 წლამდე რუსეთის წინსვლა იყო ძალიან სერიოზული და ეს წინსვლა 2012 წლის შემდეგ შეჩერდა. ამ შეჩერების მთავარი მიზეზი ის პრაგმატული პოლიტიკაა, რომელსაც საქართველო აწარმოებს დღემდე რუსეთთან მიმართებით. ეს პრაგმატული პოლიტიკა გაგრძელდება იმისთვის, რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ქვეყანა და ხალხი. ისინი ჩვენ ვერ გვასწავლიან ვერავითარ შემთხვევაში სწორი საგარეო პოლიტიკის წარმოებას.
ჩვენ გამოცდილებით დავადასტურეთ ის, რომ შეგვიძლია ეფექტიანი საგარეო პოლიტიკის წარმოება, მათ გამოცდილებით დადასტურეს ის, რომ მათი პოლიტიკა და პოლიტიკის შედეგები იყო სრული კატასტროფა ჩვენი ქვეყნისთვის, არა მათთვის, სამწუხაროდ მათ მოახერხეს 2008 წლის შემდეგ საკუთარი პოლიტიკური პოზიციების გამაგრება საკუთარი ლაჩრობის გამოვლენით, ტერიტორიების ჩაბარებით. ჩვენ ეს ინტერესი არ გვაქვს, ჩვენ არ გვინდა ქვეყნის ინტერესების ხარჯზე გავიმაგროთ პოზიციები, ჩვენთვის მთავარია, სახელმწიფოს მოვუფრთხილდეთ მაქსიმალურად და რაც არ უნდა მძაფრი იყოს ვიღაცის კრიტიკა, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ ისეთ პოლიტიკას, რომელიც სახელმწიფოს ყველანაირი რისკისგან დაიცავს" - აღნიშნა კობახიძემ.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ ფასდება ეს პოლიტიკა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ყველას აბსოლუტურად ესმის იმ ნაბიჯების მოტივი და საფუძველი, რაც ხელისუფლების მხრიდან იდგმება.
„დაახლოებით ათამდე ელჩთან მქონდა საუბარი ამ პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა ფორმატში, ყველას აბსოლუტურად ესმის იმ ნაბიჯების მოტივი და საფუძველი, რაც ჩვენი ხელისუფლების მხრიდან იდგმება. საუბარი მაქვს ევროკავშირის წევრი ქვეყნების და ნატოს წევრი სახელმწიფოების ელჩებზე. მათთვის გასაგებია, რომ საქართველო განსაკუთრებით მოწყვლადი ქვეყანაა, საფრთხეების თვალსაზრისით ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული მდგომარეობა, აქედან გამომდინარე, ჩვენ რომ ვფრთხილობთ ამ უმძიმეს ვითარებაში, რაც რეგიონშია შექმნილი, ბუნებრივია, ყველასთვის აბსოლუტურად გასაგები და ცხადია“ - განაცხაადა ირაკლი კობახიძემ.
16-11-2024
16-11-2024