21-06-2018
„ჩვენ გვაქვს უკვე პირობა მიღებული მთავრობის ახალი შემადგენლობისგან, რომ უახლოეს დღეებში იქნება წარმოდგენილი ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, სიის მოცემულ ვადაში წარდგენა მთავრობამ ობიექტური მიზეზით ვერ შეძლო.
„ჩვენ ვადევნებდით თვალყურს ამ პროცესს. რეზოლუციაზეა აქ საუბარი, კანონით არ არის დადგენილი აქ შესაბამისი ვალდებულება. 15 ივნისამდე უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი ეს სია, თუმცა, მიზეზი იყო ობიექტური, მიზეზი იყო ის, რომ შეიცვალა ზუსტად ამ დროისთვის მთავრობის შემადგენლობა, გადადგა პრემიერ-მინისტრი, ზუსტად იმ დროს, როცა უნდა დაემტკიცებინა მთავრობას 15 ივნისამდე შესაბამისი სია. როგორც კი შეიკრიბება მთავრობა, რა თქმა უნდა, განახლდება მსჯელობა სიასთან დაკავშირებით და ჩვენ გვაქვს უკვე პირობა მიღებული მთავრობის ახალი შემადგენლობისგან, რომ უახლოეს დღეებში იქნება წარმოდგენილი, შეძლებისდაგვარად, მალე იქნება წარმოდგენილი, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გვქონდა კონსულტაციები. ამ კონსულტაციებში ჩართული იყო, მათ შორის, საპარლამენტო ოპოზიცია. ზუსტად ამ კონსულტაციების შედეგი იქნება ის სია, რომელსაც წარმოგიდგენთ საქართველოს პარლამენტი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.