11-04-2022
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ორ პირს პატიმრობა შეეფარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 აპრილს, ქ. თბილისში, კოსტავას პირველ შესახვევში მდებარე სს „საგზაო კომპანია თბილისის" ოფისის ერთ-ერთ ოთახში, აღნიშნული კომპანიის დირექტორთან გ.ქ.-სთან და მის მეგობრებთან - ვ. გ. და კ. ქ.-სთან სასაუბროდ მივიდნენ მათი ნაცნობები - დ. მ., ვ. მ., მ. მ., ა. ბ., ო. რ., და გ. გ., ასევე მათი პირადი დაცვის წევრები - კ. მ., გ.ა., გ.პ., ლ.გ. და დ. ც., და თანმხლები პირები - ლ.კ., გ.გ., გ.ა., გ.მ., ო.ბ., ხ.ც. და შ.გ. შეხვედრის მიმდინარეობისას, მხარეებს შორის შეკამათება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც, კომპანიის დირექტორმა, დაპირისპირებაში მყოფი პირების მიმართულებით იარაღიდან რამდენიმეჯერ გაისროლა, რის შედეგადაც ო.ბ.-მ, მ.მ.-მ და დ.ც.-მ სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღეს.
აღნიშნული დაპირისპირების დროს, პირადი დაცვის ერთ-ერთმა წევრმა, კ.მ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმეჯერ ესროლა კ.ქ.-ს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ბ.-მ და გ.მ.-მ იცოდნენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ, თუმცა სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს.
სამართალდამცველებმა ა.ბ.და გ.მ. 8 აპრილს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის ბრალი 7 პირს წარედგინა და მათ მიმართ გამოყენებულია პატიმრობა, ასევე, 376-ე მუხლის მეორე ნაწილით დაკავებულია კიდევ ერთი პირი.
სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის და დაკავების მიზნით.
16-11-2024
16-11-2024