გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში UNHCR-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს უკრაინულენოვან სექტორში უმასპინძლა

15-04-2022

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კემლინ ფურლის გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში უმასპინძლა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით უკრაინულენოვანი სექტორი დაფუძნდა.

                    

მიხეილ ჩხენკელი და კემლინფურლი მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდნენ და პირადად გაეცნენ  უკრაინულენოვან სექტორზე მიმდინარე სასწავლო პროცესს.

 

მინისტრმა UNHCR-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინელი ბავშვების მხარდასაჭერად განხორციელებული პროექტების შესახებ.

 

მიხეილ ჩხენკელის თქმით, სამინისტროს გუნდმა ზუსტად 2 კვირაში თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში დააფუძნა უკრაინულენოვანი სექტორი, სადაც პირველიდან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით უკრაინულ ენაზე მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. უკრაინელ მოსწავლეებს ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა იმავე კურიკულუმითა და სასკოლო სახელმძღვანელოებით აქვთ, რომლითაც ისინი უკრაინის სკოლებში სწავლობდნენ. გარდა ამისა,  უკრაინელი მოსწავლეები ქართულ ენასა და ლიტერატურას და საგანს „ჩემი საქართველო"  შეისწავლიან.

 

მინისტრის თქმით, საქართველოში უკრაინის საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უკრაინულენოვანი სექტორისთვის შეარჩია კვალიფიციური პედაგოგები, რომელთა ანაზღაურებას საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს.

 

საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, კემლინფურლისთან შეხვედრისას, მიხეილ ჩხენკელმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინელი მოსწავლეები, საქართველოს სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან. მისი თქმით, ამ დროისათვის საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლაში, მათ შორის უკრაინულენოვან სექტორზე, 600-მდე უკრაინელი მოსწავლე იღებს განათლებას.

 

საქართველოში UNHCR-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კემლინფურლიმ, თავის მხრივ, უმაღლესი შეფასება მისცა ყველა იმ პროექტს, რასაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უკრაინელი ბავშვების მხარდასაჭერად ახორციელებს. მისი თქმით, ნამდვილად შთამბეჭდავია ასეთ მცირე დროში უკრაინულენოვანი სექტორის დაფუძნება და უკრაინელი მოსწავლეებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. კემლინფურლიმ მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობასა და პირადად მინისტრ მიხეილ ჩხენკელს გაწეული სამუშაოსთვის.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930