გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ჩხენკელი: პრემიერის მიერ ინიცირებული პროექტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოში ყველა სკოლა გახდეს თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი

19-04-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, თბილისსა და რეგიონებში აშენდება და რეაბილიტირდება 800 სკოლა. 1 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტი საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობასა და მათ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს - პროექტით 230 000-ზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს. შედეგად, 2026 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება.


მიხეილ ჩხენკელი: „საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით იწყება უაღრესად მნიშვნელოვანი და უპრეცედენტო მასშტაბის მქონე პროექტი, რომელიც ეხება 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას. ამ პროექტის ეგიდით აშენდება 80 ახალი სკოლა, 220 სკოლა სრულ, ხოლო 500 ნაწილობრივ რეაბილიტაციას გაივლის. ამ პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 1 მილიარდ ლარს და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამ სიკეთით ისარგებლებს 230 000-ზე მეტი მოსწავლე.


აღნიშნული პროექტი და მისი მასშტაბი გახლავთ ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ ჩვენს ახალგაზრდებზე და მათ განათლებაზე ზრუნვა ჩვენი გუნდის სტრატეგიული პრიორიტეტია.


ინფრასტრუქტურული გამოწვევები სკოლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით გვაქვს. შესაბამისად, შედგება 800 სკოლის ნუსხა და, პირველ რიგში, დავიწყებთ იმ სკოლების რეაბილიტაციას, რომელთაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროება. ხოლო, 80 ახალი სკოლა აშენდება იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ნაცვლად, რომლებიც არ ექვემდებარება რეაბილიტაციას – განხორციელდება აღნიშნული სკოლების დემონტაჟი და მათ ადგილზე აშენდება თანამედროვე ახალი სკოლები.


ამ პროექტის მთავარი ფილოსოფია მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოში ყველა სკოლა უნდა იყოს თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი. ეს არის აუცილებელი პირობა, რაც პირდაპირ კავშირშია განათლების ხარისხის გაუმჯობესებასთან.


რეაბილიტაციისა და ახალი სკოლების მშენებლობის დროს გათვალისწინებულია მათი აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. კერძოდ, მოეწყობა თანამედროვე ლაბორატორიები, გაიმართება სპორტული ინფრასტრუქტურა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიმართულებით. ყველა სკოლა მთლიანად ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.


აღსანიშნავია, რომ სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესში ჩვენ ვითვალისწინებთ წამყვანი ქვეყნების პრაქტიკას, შემუშავებული გვაქვს სტრატეგია, რომლის მიხედვითაც ჩვენი ხელისუფლების პირობებში უკვე აშენებული ახალი სკოლები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია.


ყველა ახალი სკოლა, რომელსაც პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიცირებული პროექტის ფარგლებში ავაშენებთ და ჩავუტარებთ სრულ, ან ნაწილობრივ რეაბილიტაციას, აუცილებლად იქნება აღჭურვილი 21-ე საუკუნის სკოლის თანამედროვე სტანდარტის შესაბამისად."

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930