გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის მმართველ დირექტორსა და ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

20-04-2022

ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის მმართველ დირექტორს, აქსელ ვან ტროტსენბურგს, ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ანა ბიერდეს და ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, კოენ დევიდს შეხვდა.


ფინანსთა მინისტრმა მათ მადლობა გადაუხადა საქართველოსთან არსებული თანამშრომლობისთვის, რომელსაც წელს 30 წელი უსრულდება. მინისტრმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი გლობალური პანდემიისა და პოსტ-COVID-19-ის პერიოდში, მსოფლიო ბანკის მხრიდან გაწეულ მხარდაჭერას.


შეხვედრაზე მიმოიხილეს მიმდინარე მაკროეკონომიკური პარამეტრები, COVID-19-ის კრიზისის შედეგები და ეკონომიკური აღდგენის ტენდენციები განსაკუთრებით, უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე. საუბარი შეეხო საქართველოს მიერ უკრაინისთვის გაწეულ მხარდაჭერასა და დაწესებული საერთაშორისო სანქციების აღსრულების საკითხებს.


გარდა ამისა, ისაუბრეს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ახალი სამწლიანი პროგრამის დაწყების თაობაზე.


ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკს მადლობა გადაუხადა ადამიანური კაპიტალის პროექტისთვის „შედეგზე ორიენტირებული პროგრამის" ე.წ. PforR (Program for Results) ინსტრუმენტის პირველად გამოყენებისთვის. როგორც მან აღნიშნა, რეფორმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდემიის უარყოფითი შედეგების თანმიმდევრული შემსუბუქებისა და ჯანდაცვის, სოციალური და განათლების სფეროების ეფექტიანობის გაზრდისთვის.


მხარეებმა დადებითად შეაფასეს პარტნიორობა განვითარების პოლიტიკის ოპერაციების (DPO) ფარგლებში, რასაც წვლილი შეაქვს ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობასა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდაში.


ქართულმა მხარემ მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელებს გააცნო რეფორმების დღის წესრიგი, რომელსაც გამოწვევების მიუხედავად, საქართველო მომავალშიც განახორციელებს.


თავის მხრივ, მსოფლიო ბანკის მმართველმა დირექტორმა და ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა დაადასტურეს მსოფლიო ბანკის მზაობა, გაგრძელდეს ქვეყნის სრული მხარდაჭერა რეფორმების განხორციელების პროცესში.


ამჟამად, საქართველოში მსოფლიო ბანკის პორტფელის საერთო ღირებულება 990 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930