30-04-2022
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან ერთად, სსიპ ნიკო ლორთქიფანიძის სახელობის სოფელ წყალტუბოს საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, რომლის რეაბილიტაციაც მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.
მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის მეთაურს შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა - 240 მოსწავლეზე გათვლილ შენობაში ფუნქციონირებს შიდა სპორტული დარბაზი და გარე მოედანი, ასევე ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზი, რესურს ოთახი, ექიმის კაბინეტი, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები. დამონტაჟებულია გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები და სრულადაა ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისათვის. სკოლის მშენებლობაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 691 400 ლარი დაიხარჯა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პროექტი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ისტორიულ სოფელ წყალტუბოს შესაბამისი სასწავლო რესურსებითა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი სკოლა ამ დრომდე არ ჰქონია. პრემიერი ადგილზე მასწავლებლებს გაესაუბრა და სამახსოვრო წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
მინისტრის განცხადებით, წყალტუბოს სკოლა კარგი მაგალითია პრემიერ-მინისტრის იმ ინიციატივისა, რომელიც 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვას ეხება.
ამ დროისათვის, სკოლაში დასაქმებული 29 თანამშრომლიდან, 23 მასწავლებელია. მათ შორის 7 წამყვანი, 12 უფროსი და 2 მოწვეული. 2018 წლიდან დღემდე სკოლას ჰყავს ვერცხლისა და ოქროს 4 მედალოსანი მოსწავლე.
აღსანიშნავია, რომ სოფელ წყალტუბოში, 1958 წელს, თავდაპირველად ოთხკლასიანი სასწავლებელი გაიხსნა, 1961 წელს კი, სკოლის დირექტორის, ქსენია კინწურაშვილის თაოსნობით სოფლისთვის ორსართულიანი კაპიტალური შენობა აშენდა თუმცა, 2017 წელს ავარიულობის გამო, მისი დემონტაჟი განხორციელდა. 2017-2021 წლებში სკოლა ალტერნატიულ შენობაში ფუნქციონირებდა, კერძოდ, დაქირავებულ, ორ ორსართულიან კერძო სახლში.
მთავრობის მეთაურთან ერთად ადგილზე მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლერი ბარნაბიშვილი, წყალტუბოს მერი გენადი ბალანჩივაძე და სკოლის დირექტორი ზურაბ მამარდაშვილი იმყოფებოდნენ.
16-11-2024
16-11-2024