ნანა კაკაბაძე: გაპოლიტიკოსებულო აქტივისტო ექიმებო, გაითვალისწინეთ, რომ ძალამ, რომელიც დღეს თქვენს პროფესიას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, ყველა საქმეში წარმოაჩინა თავისი უღირსობა
4-05-2022
პოლიტიკურ-სამართლებრივ-სამედიცინო ბრძოლის წინა ხაზზე პარლამენტის წინ ვითომ ჰიპოკრატეს ფიცის დასაცავად პოლიტიკური აქციების მომწყობ პატივცემულ ექიმებს იქნებ იმაზე ეფიქრათ, რომ ჰიპოკრატეს ფიცი განურჩევლად ყველა ავადმყოფის მიმართ ერთნაირ მიდგომას და საკუთარი პროფესიის პატივისცემას მოითხოვს, რათა თავი არ ჩაიყენონ უხერხულ (უფრო სწორად, სასაცილო) მდგომარეობაში - წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.
ნანა კაკაბაძე მოუწოდებს „გაპოლიტიკოსებულ აქტივისტ ექიმებს“, გაითვალისწინონ, რომ იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც დღეს მათ პროფესიას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, ყველა საქმეში წარმოაჩინა თავისი უღირსობა.
აქვე კაკაბაძე იხსენებს, სააკაშვილის სადისტური რეჟიმის ციხეში რამდენმა სრულიად უდანაშაულომ, ან თუნდაც ისეთმა, ვინც თავს უდანაშაულოდ თვლიდა, დაიბრალა დანაშაული საკუთარი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან თუნდაც ქონების ნაწილის გადასარჩენად.
„ნაც-ექიმები პოლიტიკურ ბრძოლაში ჩააბეს ნაც-ექიმი თენგიზ წულაძე აცხადებს, რომ „მიხეილ სააკაშვილს აქვს ფსიქოლოგიური პრობლემა, ეს არის ადაპტაციის აშლილობა, რაც თავის თავში გულისხმობს, რომ ის იმ გარემოს ფსიქოლოგიურად ვერ შეეგუა. ეს პათოლოგიური მდგომარეობაა, შესაბამისად, გარემოს, რომელსაც ვერ შეეგუა, უნდა მოხდეს ცვლილება, რადგან კონფლიქტი წარმოიქმნება პაციენტის მკურნალობასა და არსებულ მდგომარეობას შორის“.
„კატეგორიულად ვითხოვთ, რომ სააკაშვილი სასწრაფოდ იყოს გადაყვანილი უახლოეს სტაციონარში, რომ გადარჩეს და დაიწყოს ტრანსფუზიური თერაპია”, - აღნიშნავს სხვა ნაც-ექიმი ლალი ჯავაშვილი.
ნაც-ექიმი წულაძე საინტერესოდ აფასებს სააკაშვილის მდგომარეობას: „თუ ადამიანი დამნაშავეა, პატიმრობა მისთვის ფსიქოლოგიურად მაინც მისაღები ხდება, თუ ადამიანი არ თვლის თავს დამნაშავედ და თვლის, რომ მას უსამართლოდ მიადგა წყენა, დამცირება, ის ამას შეიძლება ფსიქოლოგიურად არ შეეგუოს და განუვითარდეს ადაპტაციური აშლილობა, რაც თავის თავში გულისხმობს დეპრესიულ განწყობას, სუიციდალურ ქცევას, მადის დაქვეითებას, გენრალიზებულ შფოთვას და ა.შ... გარემოს შეცვლა არის მისთვის მკურნალობა“.
სამედიცინო-პოლიტიკურ-სამართლებრივი დასკვნა ასეთია: სააკაშვილს არ ჩაუდენია არავითარი დანაშაული და უდანაშაულოდ ისჯება, რასაც ფსიქოლოგიურად ვერ ეგუება და აუცილებელია მისთვის გარემოს შეცვლა, ციხის გარეთ მისი გადაყვანა უცხოეთში ან თუნდაც საქართველოში, ოღონდ არავითარ შემთხვევაში ციხეში. მოკლედ, ამით ექიმები გვეუბნებიან, რომ ყველა პატიმარი, ვინც თავს დამნაშავედ არ თვლის, პატიმრობას ვერ ეგუება, რის გამოც სამედიცინო თვალსაზრისით მათი ციხეში ყოფნა დაუშვებელია. დააკვირდით, აქ საუბარია არა მხოლოდ იმ ადამიანებზე, ვისაც დანაშაული არ ჩაუდენია, არამედ იმათზეც, „ვინც არ თვლის თავს დამნაშავედ და თვლის, რომ მას უსამართლოდ მიადგა წყენა, დამცირება“.
ახლა გავიხსენოთ, სააკაშვილის სადისტური რეჟიმის ციხეში რამდენმა სრულიად უდანაშაულომ, ან თუნდაც ისეთმა, ვინც თავს უდანაშაულოდ თვლიდა, დაიბრალა დანაშაული საკუთარი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან თუნდაც ქონების ნაწილის გადასარჩენად. დღესაც, როდესაც პატიმრების ნახევარზე მეტი ე. წ. „ოჯახური ძალადობის“ ბრალდებით ზის ციხეში და მათგან ბევრი პარტნიორების ანგარების მსხვერპლია ან შეიძლება, თავის ქცევას სულაც არ თვლის დანაშაულად, ხომ ლოგიკურია, რომ მათთვისაც მოვითხოვოთ გარემოს შეცვლა, რადგან მათაც ექმნებათ ფსიქოლოგიური პრობლემა ადაპტაციის აშლილობა, ვერ ეგუებიან გარემოს, ამიტომ უნდა მოხდეს ცვლილება, რადგან „კონფლიქტი წარმოიქმნება პაციენტის მკურნალობასა და არსებულ მდგომარეობას შორის“.
პოლიტიკურ-სამართლებრივ-სამედიცინო ბრძოლის წინა ხაზზე პარლამენტის წინ ვითომ ჰიპოკრატეს ფიცის დასაცავად პოლიტიკური აქციების მომწყობ პატივცემულ ექიმებს იქნებ იმაზე ეფიქრათ, რომ ჰიპოკრატეს ფიცი განურჩევლად ყველა ავადმყოფის მიმართ ერთნაირ მიდგომას და საკუთარი პროფესიის პატივისცემას მოითხოვს, რათა თავი არ ჩაიყენონ უხერხულ (უფრო სწორად, სასაცილო) მდგომარეობაში.
გაპოლიტიკოსებულო აქტივისტო ექიმებო, გაითვალისწინეთ, რომ იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც დღეს თქვენს პროფესიას იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის, ყველა საქმეში წარმოაჩინა თავისი უღირსობა: ჯერ იყო და, ხელისუფლებაში ყოფნისას ბოლშევიკურ-ფაშისტური რეჟიმი შექმნა, ომი თავიდან ვერ აიცილა და იქაც უღირსად მოიქცა („ქვების გროვა“ დაკარგა, ასფალტზეც ხოხვაც აჩვენა მსოფლიოს და საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი ქვეყნის აგრესორობაც აღიარა), ოპოზიციაში არიან და თხუთმეტჯერ შეცვალეს პოზიცია პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე, 30-ჯერ დააანონსეს ჯერარნახული აქციები და „ოცნების“ დასრულება, თავი მოიკლეს, რომ ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე წარმატება არ ჰქონოდა, ყოფილმა პრეზიდენტმა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარი განაცხადა, მერე სამარცხვინო გზით შემოიპარა ყოფილ სამშობლოში და ეხლა სამარცხვინოდ იქცევა ციხეში, სადაც 10 ათასზე მეტი პატიმარია და არავინ ანგრევს გვეყანას, არიქა, დღე და ღამე ჩემზე იფიქრეთ და ილაპარაკეთ, რა დროს მსოფლიო ომი და უბედურებაა, მუდამ მე უნდა ვიყო ყურადღების ცენტრშიო. მსოფლიოში ბევრი ყოფილი პირველი პირი და ლიდერი აღმოჩენილა პატიმრობაში, მაგრამ ასე არც არავის უწუწუნია და არც ქვეყანა აუწიოკებია თავისი პრეტენზიებით. მით უმეტეს, თქვენც კარგად იცით, რომ თქვენი კერპის სიცოცხლეს დღეს არავითარი საფრთხე არ ემუქრება და ტყუილად ნუ ტეხთ ჭიქაში ქარიშხალს. ღირსებაც და უღირსობაც ისეთი რამეა, რომ სამეფო ტახტზეც, ქუჩაშიც და ციხეშიც ასხივებს და ყველასთვის ადვილი შესამჩნევია“ - წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.
8-09-2024
4-04-2024
4-03-2024
22-11-2023
18-09-2023