გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შემოსავლების სამსახურის უფროსი ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

12-05-2022

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG )  წარმომადგენლებთან  სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა 2021 წლის განმავლობაში უწყების მიერ გაწეული საქმიანობა შეაჯამა და განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.ლევან კაკავამ აღნიშნა, რომ შემოსავლების სამსახურის უმთავრეს ღირებულებებს, უწყების გამჭვირვალობა და ბიზნესთან მჭიდრო პარტნიორობა წარმოადგენს. 


შეხვედრას, რომელსაც შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილეები ვლადიმერ ხუნდაძე და ლევან წითელაშვილი, ასევე  ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ზაზა თაბაგარი,  საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი რომან ბუღაძე, BAG-ის პრეზიდენტი სამსონ ფხაკაძე, ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე, ასოციაციის კომიტეტებისა და წევრი კომპანიების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ დიალოგის რეჟიმში წარიმართა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.

,,ერთ-ერთი სიახლე, რომელიც დღეს წარვადგინეთ არის მსხვილი კატეგორიის გადასახადის გადამხდელების ადმინისტრირების მიმართულებით, შემოსავლების სამსახურის მიერ შემუშავებული ახალი სტრატეგია, ასევე სტრატეგიის ფარგლებში დაგეგმილი მნიშვნელოვანი ცვლილებები და განხორციელებული ღონისძიებები. აგრეთვე,  მნიშვნელოვანი ინიციატივაა ის სიახლე, რომელიც ძალიან დააინტერესებს კერძო სექტორს და არასასურსათო საქონლის ტექნიკურ დანაკარგებთან არის დაკავშირებული. ამ და კიდევ სხვა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, აქტიური დიალოგის რეჟიმში ვართ ბიზნესთან და უახლოეს თვეებში კიდევ რამოდენიმე ახალ ინიციატივას  შემოგთავაზებთ“,-განაცხადა ლევან კაკავამ.


სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა  მონაწილეებს,  უწყების მიერ 2021 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინეს.


დასასრულს, ლევან კაკავამ შემოსავლების სამსახურის სახელით მადლობა გადაუხადა შეხვედრის მონაწილეებს და აღნიშნა, რომ ბიზნესთან დიალოგი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031