12-05-2022
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტს, იურგენ რიგტერინკს შეხვდნენ.
შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ ბანკის მმართველი დირექტორი აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში, მატეო პატრონე, საქართველოს წარმომადგენელი ბანკის დირექტორთა საბჭოში კლარა კლორი, EBRD-ის რეგიონული დირექტორი კავკასიაში, კატარინა ბიორლინ ჰანსენი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა.
შეხვედრა მაროკოში, EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ფარგლებში გაიმართა.
მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, მათ შორის, ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტებზე.
მიმოიხილეს ქვეყნის მიმდინარე მაკროეკონომიკური პარამეტრები, ეკონომიკური აღდგენის ტენდენციები, განსაკუთრებით, უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე.
აგრეთვე, საუბარი შეეხო საქართველოს მიერ უკრაინისთვის გაწეულ მხარდაჭერასა და დაწესებული საერთაშორისო სანქციების აღსრულების საკითხებს.
ფინანსთა მინისტრმა EBRD-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ბანკი უწევს საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით.
შეხვედრაზე გამოითქვა მზაობა, საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის გაგრძელდეს ნაყოფიერი თანამშრომლობა.
16-11-2024
16-11-2024