14-05-2022
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ხელბურთის ფედერაციის თანამშრომლობით სასკოლო ხელბურთის პროგრამა ხორციელდება, რომლის მიზანია მოზარდებში ხელბურთის პოპულარიზაცია და სასწავლო პროცესში, არაფორმალური განათლების სახით, მისი ინტეგრირების ხელშეწყობა.
პროგრამის ფარგლებში თბილისის სკოლების სპორტის მასწავლებლებმა, სასკოლო ხელბურთის მოდულის მიხედვით, გადამზადების კურსი გაიარეს, რის შემდეგაც მათ „ხელბურთის სკოლის მასწავლებლის“ კატეგორია ოფიციალურად მიენიჭათ. კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები პედაგოგებს განათლებისსამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის, ზოგადი განათლების სამმართველოს უფროსმა ეკატერინე ხუციშვილმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა ალექსანდრე მაისურაძემ და საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვახტანგ მეიფარიანმა გადასცეს.
სასკოლო ხელბურთის პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. პროგრამაში, დედაქალაქის სკოლების გარდა, ჩართულია მცხეთის, დუშეთის, ჟინვალის, რუსთავის, ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქუთაისის, სამტრედიის, წყალტუბოს, ტყიბულისა და ზესტაფონის საჯარო სკოლები. აღნიშნული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სპორტის 145 მასწავლებელს, შესაბამისი კურსის გავლის შემდეგ, „ხელბურთის სკოლის მასწავლებლის“ კატეგორია და სერტიფიკატი მიენიჭათ. შედეგად, მათ უფლება მიეცათ, გაუძღვნენ ხელბურთის სასკოლო წრეებს.
პროგრამის ფარგლებში სკოლები შესაბამისი სპორტული ინვენტარითაც აღიჭურვა. კერძოდ, პროგრამაში ჩართულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს მინი ხელბურთის კარები, ბურთები და ასევე მეთოდური ლიტერატურაც გადაეცათ. ამასთან, პროგრამის ფარგლებში სკოლებში ამოქმედდა უფასო გამაჯანსაღებელი წრეები.
მომავალი სასწავლო წლისთვის იგეგმება პროგრამის მასშტაბების გაზრდა და მისი დანერგვა საქართველოს სხვადასხვა საჯარო სკოლებში.
16-11-2024
16-11-2024