გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კონგრესმენი პიტერ როსკამი: რესპუბლიკური დე დემოკრატიული პარტიები საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის გაფართოების იდეის ირგვლივ ერთიანდებიან

27-06-2018

„გვწამს, რომ ვაჭრობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ ის ჩვენს ორ ქვეყანას ერთმანეთთან კიდევ უფრო აახლოებს. როგორც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ასევე, საქართველოსთვის კარგია, შემცირდეს სავაჭრო ბარიერები და გაიზარდოს ვაჭრობის შესაძლებლობები“,- ამის შესახებ კონგრესმენმა პიტერ როსკამმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შეხვედრაზე საუბარი აშშ-ის კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თანათავმჯდომარეების - პიტერ როსკამისა და დევიდ პრაისის მიერ ინიცირებულ ორპარტიულ წერილს შეეხო, რომლითაც, კონგრესმენები აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მოწოდებით მიმართავენ.

„ჩვენ შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, სადაც კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი მტკიცე ერთგულება აშშ-საქართველოს ურთიერთობის მიმართ. ვფიქრობთ, რომ ურთიერთობა ძალიან მტკიცეა და გვსურს, ის კიდევ უფრო გავაფართოვოთ.

მოხარული ვარ, რომ ჩემს კოლეგასთან, დევიდ პრაისთან ერთად ვუწევ ადვოკატირება აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას, რადგან გვწამს, რომ ვაჭრობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ ის ჩვენს ორ ქვეყანას ერთმანეთთან კიდევ უფრო აახლოებს. როგორც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ასევე, საქართველოსთვის კარგია, შემცირდეს სავაჭრო ბარიერები და გაიზარდოს ვაჭრობის შესაძლებლობები. შედეგად, იქნება არა მხოლოდ უფრო მეტი კომერციული საქმიანობა, არამედ უფრო ძლიერი პოლიტიკური და სტრატეგიული ალიანსიც“,- განაცხადა პიტერ როსკამმა.

მისივე თქმით, კონგრესმენები აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებისთვის ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მხარდაჭერის მოსაპოვებლად მუშაობენ.

„ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი იმყოფებოდა საქართველოში და ვიცით, რომ ეს საკვანძო სტრატეგიულ ინტერესები ადმინისტრაციის დონეზე კარგად არის გააზრებული. ჩვენ ვაყალიბებთ საფუძველს სწორედ ამისთვის, რადგან ეს არის კონგრესი, რომელიც ასეთი ურთიერთობების ინიცირებას ახდენს. ჩვენი არგუმენტი ისაა, რომ კონგრესში წარმოდგენილი ორივე პარტია საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის გაფართოების იდეის ირგვლივ ერთიანდება“,- განაცხადა კონგრესმენმა.

აშშ-ის კონგრესმენებმა 26 ივნისს აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მოწოდებით, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს, რობერტ ლაითჰაიზერს ორპარტიული წერილით მიმართეს.

წერილის ინიციატორები არიან აშშ-ის კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თავმჯდომარე, კონგრესმენი პიტერ როსკამი (რესპუბლიკელი-ილინოისი) და თანათავმჯდომარე, კონგრესმენი დევიდ პრაისი (დემოკრატი-ჩრდილოეთ კაროლინა). წერილს ხელს აწერს 30 კონგრესმენი.

„ჩვენ, აშშ-სა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ძლიერი მხარდამჭერნი მოგიწოდებთ, რომ აქტიურად განიხილოთ საქართველოსთან ორმხრივი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების მიზნით მოლაპარაკებების დაწყება“ - აღნიშნულიაწერილში.

წერილში ხაზგასმულია საქართველოს საკვანძო მდებარეობა ირანს, თურქეთსა და რუსეთს შორის.

„საქართველო წარმოადგენს ცენტრალური აზიის რვა, ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოს კარიბჭეს, რაც ჯამში 120 მილიონ მოსახლეობასადა 300 მილიარდი აშშ დოლარის ეკონომიკას მოიცავს. საქართველოზე ასევე გადის აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ალტერნატიული ენერგომომარაგების მარშრუტი“ - აღნიშნავენ კონგრესმენები.

კონგრესმენები ხაზს უსვამენ საქართველოს მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულ მნიშვნელოვან ეკონომიკურ რეფორმებს, განსაკუთრებით საგადასახადო და მარეგულირებელი ჩარჩოს დახვეწის მიმართულებით, რაც ინვესტირებისათვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის. მათი განმარტებით, აშშ-სა და საქართველოს შორის ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავება, კიდევ უფრო გააძლიერებს მშვიდობას, სტაბილურობასა და ეკონომიკურ განვითარებას რეგიონში. იგი ამერიკული კომპანიებისათვის შექმნის საქართველოში ინვესტირების მეტ შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს რეგიონის უსაფრთხოებას" - ნათქვამია წერილში.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031