27-05-2022
საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩვენი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობები, განსაკუთრებით ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, მუდმივად გამოხატავენ უკრაინის მხარდაჭერას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ.
პრემიერმა იმ ნაბიჯების შესახებ ისაუბრა, რომელიც საქართველომ ამ პერიოდის განმავლობაში გადადგა უკრაინის მხარდაჭერის მიმართულებით.
„საქართველო გაერო-ს 96 ქვეყანას შორის იყო, ვინც თანა-სპონსორობა გაუწია „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ" რეზოლუციას; საქართველო იყო „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის ჰუმანიტარული შედეგების შესახებ" გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის ერთ-ერთი მთავარი თანა-სპონსორი. რეზოლუციას თანა-სპონსორობა გაუწია 90-მა სახელმწიფომ და მხარი დაუჭირა 140-მა ქვეყანამ; საქართველომ მხარი დაუჭირა ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებას; ასევე, საქართველო გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს იმ რეზოლუციის თანა-სპონსორია, რომელიც რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიისთვის პასუხისმგებლობას აკისრებს; ასევე შეგახსენებთ, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 25 თებერვლის გადაწყვეტილებას, ანუ ომის დაწყებიდან მეორე დღეს, რუსეთის ფედერაციისთვის მინისტრთა კომიტეტსა და საპარლამენტო ასამბლეაში წარმომადგენლობითი უფლებების შეჩერების შესახებ; ასევე, ჩვენმა ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ამა წლის 16 მარტის გადაწყვეტილებას ევროპის საბჭოდან რუსეთის ფედერაციის დაუყოვნებლივ გარიცხვის შესახებ,"- აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებმაც უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების მოთხოვნით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორს მიმართეს; მისივე განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ მთავარი თანასპონსორობა გაუწია გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის პროექტს რუსეთის ფედერაციისათვის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობის უფლების შეჩერების შესახებ.
„საერთო ჯამში, თებერვლიდან მოყოლებული, საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინისადმი ჩვენი მხარდამჭერი განცხადებების, დეკლარაციების და გადაწყვეტილებების რაოდენობა 235 აღწევს. უფრო კონკრეტულად მინდა გითხრათ, რომ: გაერო-ს ფარგლებში საქართველომ მხარი დაუჭირა და დაასპონსორა უკრაინის შესახებ 14 რეზოლუცია; გააკეთა 50-ზე მეტი ეროვნული განცხადება; ასევე მიუერთდა გაერო-ს ფარგლებში ევროკავშირის 34 განცხადებას და 10 სხვა განცხადებას. საქართველო, ასევე, ორგანიზაციის ფარგლებში, მიუერთდა 15 სხვადასხვა მხარდამჭერ ინიციატივას; ეუთო-ს ფარგლებში, ჩვენ გავაკეთეთ 30-ზე მეტი ეროვნული განცხადება, ჩვენი ხელისუფლება მიუერთდა ევროკავშირის 34 განცხადებას და 1 ერთობლივ განცხადებას. საქართველო, ასევე, ორგანიზაციის ფარგლებში, მიუერთდა 3 სხვადასხვა მხარდამჭერ ინიციატივას; ევროსაბჭოს ფარგლებში, საქართველომ მხარი დაუჭირა უკრაინის შესახებ 14 რეზოლუციას, გადაწყვეტილებას და რეკომენდაციას. ამავდროულად, საქართველომ გაკეთა 15 ეროვნული მხარდამჭერი განცხადება; ჩვენ ასევე, მივუერთდით ევროკავშირის სახელით უმაღლესი წარმომადგენლის 8 დეკლარაციას და ევროკავშირის 2 სანქციას,"- განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, კიევში, ოდესასა და ლვოვში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები კვლავ განაგრძობენ ფუნქციონირებას და მოქალაქეებისთვის დახმარების გაწევას.
„აქვე, ამ ტრიბუნიდან მინდა, ჩვენს ელჩს გადავუხადო მადლობა და ჩვენის საელჩოს თითოეულ წარმომადგენელს. სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულების შესახებ საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებმა საქართველოს ეროვნული ბანკის მითითება მიიღეს,"- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
16-11-2024
16-11-2024