27-06-2018
მმართველი გუნდის წევრის, ზაზა ხუციშვილის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ თბილისის მერიის მიერ გამოხატულ ინტერესს მიწისქვეშა საპარკინგე სივრცის მოწყობის შესახებ არავინ გამოეხმაურა, დადასტურდა, რომ ოპოზიციამ ცრუ განგაში ატეხა, როდესაც ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის საპარკინგე ტერიტორიის ერთ ლარად გადაცემას აპროტესტებდა.
მისივე თქმით, ოპოზიციის მიზანი არა ქალაქის "დაცვა" არამედ ივანიშვილის მიმართ საზოგადოების უარყოფითად განწყობა იყო.
„როგორც ცნობილი გახდა თბილისის მერიის მიერ გამოხატულ ინტერესს მიწისქვეშა საპარკინგე სივრცის მოწყობის შესახებ, რაც შესაბამისი ტერიტორიის 1 ლარად გადაცემას ითვალისწინებდა, არც ერთი კომპანია არ გამოეხმაურა. მიწისქვეშა პარკირების სივრცის მოწყობა სოლიდური თანხების გრძელვადიან ინვესტიციას ითვალისწინებს, რაც ამ ეტაპზე კერძო ბიზნესისთვის საინტერესო არ აღმოჩნდა. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ოპოზიციამ ცრუ განგაში ატეხა და მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგით ხელმძღვანელობდა, როცა ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის საპარკინგე ტერიტორიის ერთ ლარად გადაცემას აპროტესტებდა. მათი მიზანი არა ქალაქის "დაცვა" არამედ ივანიშვილის მიმართ საზოგადოების უარყოფითად განწყობა იყო, რასაც ვერ მიაღწიეს. ცხადია, რომ ასეთი პროექტების განხორციელებაში პოტენციურ ინვესტორებს ქალაქის ხელმძღვანელობამ მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი“- განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.
18-12-2024